„ფატალური ჰოლივუდური დრამა“ – ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ნამდვილი მკვლელობა

აღიარება სხვადასხვა გზით მოდის. ენტონი კალანი რობერტსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 1973 წლის ერთი ჩვეულებრივი დღე მას მსოფლიო მასშტაბით გახდიდა ცნობილს. ამ დღეს მან მოახერხა თავდასხმის მომენტის ფირზე აღბეჭდვა — შემთხვევით გადაღებული ფოტოების სერია კი, ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა.

იმ პერიოდისთვის ენტონი რობერტსს ძალები კინომსახიობობაში უკვე ჰქონდა მოსინჯული, თუმცა რეჟისორები მასში განსაკუთრებულ ნიჭს ვერ ხედავდნენ. ამიტომ, ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი სხვა მიმართულებით ეპოვა და ლოს-ანჯელესში ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. ის ხშირად დადიოდა ქალაქის ქუჩებში უნიკალური კადრების საძიებლად. ერთ-ერთი ასეთი გასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ტრაგედია ავტოსადგომზე დატრიალდა. რობერტსმა ქალის განწირული ყვირილი გაიგონა და მის თვალწინ საშინელი სცენა გადაიშალა: მამაკაცი ქალს თავს დაესხა, ყელში ხელი ჩაავლო და მიწაზე დააგდო. მსხვერპლი სასტიკად იბრძოდა გადასარჩენად.

ირგვლივ გამვლელები შეიკრიბნენ, თუმცა ჩარევას ვერ ბედავდნენ. რობერტსი თავდამსხმელს ყვირილით აფრთხილებდა, რომ ფოტოებს უღებდა, რათა მისი ყურადღება გადაეტანა, მაგრამ მამაკაცი აფექტის მდგომარეობაში იყო და არანაირ გაფრთხილებაზე არ რეაგირებდა. მან ყურადღება არც სუპერმარკეტის შეიარაღებულ დაცვას მიაქცია, რომელიც ქალის საშველად მივიდა.

დაცვის თანამშრომელი ცდილობდა თავდამსხმელის დაშოშმინებას და აფრთხილებდა, რომ ესროდა. დაინახა რა, რომ ქალის სიცოცხლეს უშუალო საფრთხე ემუქრებოდა, მან სროლის გადაწყვეტილება მიიღო და თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო, ხოლო თავდასხმის მოტივი ირაციონალური სისასტიკე აღმოჩნდა.

ენტონი რობერტსმა ამ სერიას „ფატალური ჰოლივუდური დრამა“ უწოდა. მან დააფიქსირა ყველაფერი: თავდასხმიდან საბედისწერო გასროლამდე. ამ კადრებმა მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1974 წელს რობერტსს ამ სერიისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა — ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც ჯილდო არა პროფესიონალმა რეპორტიორმა, არამედ შემთხვევითმა თვითმხილველმა მიიღო.

აღიარებამ მას პროფესიული გზა გაუხსნა. მოგვიანებით მან ნეშვილში საკუთარი სტუდია გახსნა და ცნობილ ადამიანებთან კომერციულ ფოტოსესიებზე მუშაობდა. ენტონი კალანი რობერტსმა 65 წლამდე იცოცხლა და ფოტოგრაფიის ისტორიაში დარჩა, როგორც ადამიანი, რომელმაც საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნით სიმართლე ფირზე აღბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები