ზესტაფონის მერია უკრაინაში საომარი მოქმედებისას დაზარალებული ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს და მათ მშობლებს მასპინძლობდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და ქალაქ ოდესაში გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის მოწვევით, საქართველოში მეათე დღეა სტუმრად იმყოფებიან უკრაინელი ბავშვები და მათი მშობლები. ბავშვებისთვის შედგენილი გახლდათ სპეციალური პროგრამა, მათთვის რთული დღეების დასავიწყებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მონახულებისას ისინი იმერეთის რეგიონშიც იმყოფებოდნენ. უკრაინელ ბავშვებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მასპინძლობდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ, საქართველოს თემატიკით.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ზესტაფონშიც მიგვეღო უკრაინელი ბავშვები და გაგვეწია მათთვის მასპინძლობა. ვუამბეთ ჩვენი ქალაქის შესახებ და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ. ვუსურვეთ მშვიდობა. გადავეცით სიმბოლური საჩუქრები, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. შეხვედრა ემოციურად დატვირთული იყო ყველასთვის“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა.
იმერეთის რეგიონის ტურის ფარგლებში დაგეგმილია გელათისა და მოწამეთას მონასტრების, ასევე პრომეთეს მღვიმეს დათვალიერება. ბავშვებისთვის ჩატარდება იმერული კერძების მასტერკლასი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები