სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კაპიტალური გზა ეწყობა დაბლა გომის მე-4 ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე შიდა დასახლებას აკავშირებს გომის ადმინისტრაციულ ერთეულთან. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ზემო ტოლებში გომმუხაყრუას მიმართულებით და ქალაქის ტერიტორიაზე-სანაპიროს ქუჩაზე.
მათივე ცნობით, ასფალტ-ბეტონის დაგების პროცესი უკვე დასრულდა ღანირში, „ღაღანიძეების“ უბანში და ჯიხაიში N 37, N 38 ქუჩებზე .
სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა.
„გზის მოწესრიგებით ადგილობრივების მთავარი პრობლემა გადაიჭრება.
სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. ვიზუალური დათვალიერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხი მაღალია და ადგილობრივი მოსახლეობაც შესაბამისად კმაყოფილია“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
როგორც დაბლა გომის მცხოვრებმა, ტარიელ ჯოგლიძემ განმარტა, კაპიტალური გზა აღნიშნულ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა.
„ნამდვილად გახარებულები ვართ ადგილობრივები. ჩვენი დიდი ხნის სურვილი ახდა. გზის დაგებით მთავარი პრობლემა გვარდება“, – განაცხადა ჯოგლიძემ.