გიორგი ჩაკვეტაძე: კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს; საკრებულოში, რა თქმა უნდა, მოვა, თუმცა, დიდი ბოდიში, არა თქვენ დაბარებულზე
თბილისის საკრებულოს წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, დადგეს გამოძიების დროული შედეგები და გამოიკვეთოს ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ამ დაუდევრობაში ბრალი მიუძღვის.
„მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი შედეგები ჩვენს ქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში თავიდან ავირიდოთ. ზუსტად ამისთვის და არა პოლიტიკური შოუსთვის, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გასცა კონკრეტული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ობიექტი უნდა შემოწმდეს, რაც მომავალში მაქსიმალურად გამორიცხავს ნებისმიერ გადაცდომას, მით უმეტეს, უმძიმეს შედეგებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საკრებულოს წევრი ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერის წარმომადგენლობით ორგანოში დაბარების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კახა კალაძე საკრებულოში მოვა მაშინ, როდესაც ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული და წარადგენს ანგარიშს.
„კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. საკრებულოში, რა თქმა უნდა, მოვა, თუმცა, დიდი ბოდიში, არა თქვენ დაბარებულზე“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.