თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰადას ესტერ მეიცადს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა, ისრაელს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.