ლევან ჟორჟოლიანი მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურა
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და დაანონსებულ პროექტებზე კომენტარი გააკეთა.
ლევან ჟორჟოლიანმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმდინარეობაზე, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამით გათვალისწინებულ სახლების მშენებლობაზე, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებასა და დედაქალაქის ცენტრალური გამზირების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების თვალსაზრისით ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც ავტობუსების დამატება და ავტობაზის მშენებლობა იგეგმება. მისივე განცხადებით, მოთხოვნა გაზრდილია და აუცილებელია სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მიწოდებაც შესაბამისი უნდა იყოს. ამიტომ, 2023-2024 წლებში-200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა მოხდება.
„200 ავტობუსების შესყიდვა და ავტობაზის მშენებლობა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება. ვინაიდან ბანკს აქვს ხანგრძლივი სატენდერო პროცედურები, ქალაქში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება კი სასწრაფოდ უნდა მოხდეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ავტობუსები და ავტობაზა ქალაქმა შეისყიდოს საბიუჯეტო სახსრებით, ამისთვის სესხი არ ავიღოთ. შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებდა როგორც თავად ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ფინანსთა სამინისტროსთან“, – აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი და აღნიშნავს რომ შესყიდვის პროცედურები უახლოეს მომავალში დაიწყება. საკრებულოს წევრმა კომენტარი ასევე ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ გასულ კვირას პირველი ავარიული შენობის სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.
„კორპუსი მდებარეობს ვარკეთილის მესამე მასივში, საიდანაც გაყვანილია და ქირით უზრუნველყოფილია 36 ოჯახი. ეს პროექტი მთლიანად მუნიციპალიტეტის დაფინანსებულია. უნდა ითქვას, რომ ეს არის პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში როდესაც სახელმწიფო თავად აშენებს საცხოვრებელ სახლებს. სადემონტაჟო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი კორპუსის მშენებლობა კი მომავალ წელს დაიწყება “, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღესვე, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე მან მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო პროექტი, მთლიან გამზირზე, საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების, ელექტროენერგიის, ინტერნეტქსელები. ასევე, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, მოწყობა გარეგანათების ახალი ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები და სხვა.