ანზორ თოთაძე: მიგრაცია და შობადობის შემცირება ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს – დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას
“მიგრაცია და შობადობის შემცირება არის ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას”,- ამის შესახებ დემოგრაფი ანზორ თოთაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყანა დემოგრაფიულად სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.
“თუ დემოგრაფიული ტენდენციები ასე გაგრძელდება, შეიძლება უახლოეს 5-6 წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი, დიდი ქალაქების გარდა, გაუკაცრიელდეს. არადა, ისტორიულად ქართველი კაცი სამშობლოს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ნებით არ ტოვებდა. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კავშირში მცხოვრები ქართველების 98% საქართველოში ცხოვრობდა, სომხეთში – სომხების მხოლოდ 65%, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანელების 84%. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქართველებს ისეთი მრავალწლიანი კულტურული მცენარეების მოყვანის ტრადიცია გვქონდა, როგორიც ვაზია. ვინაიდან ამ კულტურებს მუდმივი მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, ქართველი კაცი მიჯაჭვული იყო თავის მიწას. ამავე პერიოდში ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები, ძირითადად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამას გარდა, ქართველებს ყველა სხვა ერის წარმომადგენლისგან გამორჩეული თვისება აქვთ – რაც უნდა კარგად ცხოვრობდნენ უცხო ქვეყანაში, მაინც სამშობლო ენატრებათ და მუდმივად დაბრუნებაზე ფიქრობენ. როგორც წესი, ქართველი ეკონომიკური კეთილდღეობის მოპოვების გამო კერას არ ტოვებდა. ისტორიული და ლიტერატურული წყაროებიდანაც ხომ ვიცით, რომ მხოლოდ ბედუკუღმართობა თუ მოსწყვეტდა ქართველს სამშობლოს და მაშინაც მისი უკანასკნელი სურვილი იყო სამუდამო განსასვენებელი საქართველოს მიწაში ეპოვა.
ქართველი ისევ დამოკიდებულია სამშობლოზე, უბრალოდ, სააკაშვილის მმართველობის დროს ძალიან ცუდი რამ დაემართა ქვეყანას. მართალია, საქართველოში მიგრაციის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ეს შეუქცევადი “ნაციონალების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. სააკაშვილი თავისი ინსტიტუციების საშუალებით მიზანმიმართულად ცდილობდა ახალგაზრდებში ეროვნული იდეალების ჩაკვლას. განათლების სისტემის განადგურებით, იდეალების ნგრევით, გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და სხვა ავტორიტეტების შეურაცხყოფით დაანგრია ახალგაზრდების ფსიქიკა და მიიყვანა პრიმიტიულ აზროვნებამდე. ძალიან ადვილია იმ ახალგაზრდების მართვა, რომელთა ოჯახი და სამშობლო მაღალ ღირებულებას არ წარმოადგენს და მხოლოდ საშოვარზეა გადაგებული.
მიწები არ უნდა გავყიდოთ, მიწის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია. კაცობრიობის ისტორია მიწისათვის ბრძოლაა. დღეს მიწის დიდ მასივებს ყიდულობენ ჩინელები, არაბები, პაკისტანელები… მიწისა და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა “ნაციონალებმა” დაიწყეს. “ქართულ ოცნებაზე” ამბობენ, რუსეთუმეები არიანო, და ამ დროს თავად მიჰყიდეს რუსეთს ყველაფერი. სოფლებში საუკეთესო მიწები ისე მიჰყიდეს უცხოელებს, რომ გლეხებს არც ატყობინებდნენ. შესაბამისად, გლეხებს აღარც საძოვრები დარჩათ და აღარც სამარაგო მიწები. მცირემიწიან, დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანაში ამის გაკეთება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ადგილზე გლეხის დამაგრების მიზნით უფასოდ უნდა გადაეცა მიწები, რომლებიც ოდესღაც ისედაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ. ტექნიკითაც თუ დაეხმარებოდნენ, არათუ ქვეყნიდან, სოფლიდანაც არსად წავიდოდა ეს ხალხი. შეიძლება ითქვას, სააკაშვილმა სოფლიდან გააძევა გლეხები. მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ დღეს თბილისში უამრავი ახალი კორპუსი შენდება. უამრავი ბინა მზადდება გასაყიდად. ქართველების დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო მოსალოდნელია, რომ კანონში არსებული ხარვეზების, სხვადასხვა ხრიკისა და ფიქციური ქორწინებების შედეგად იქ, ძირითადად, უცხოელები დასახლდნენ. გასაგებია, რომ გლობალიზაციის პროცესია, ისიც მესმის, რომ ადამიანის ეროვნული ნიშნით შეზღუდვა არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და დემოგრაფიულად სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში, ახალგაზრდებმა უნდა გაიაზრონ საფრთხე. სამწუხაროდ, ისინი ძირითადად, საშოვარზე არიან გადაგებული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში, ოჯახი და სამშობლო მათთვის მაღალ ღირებულებებს აღარ წარმოადგენს.
რაც შეეხება კითხვას, დემოგრაფიულ სურათს ბოლო დროს რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაც შეცვლის თუ არა – არა მგონია. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში 435 000 რუსი ცხოვრობდა. 2014 წელს ჩატარებული აღწერით გაირკვა, რომ ქვეყანაში 24 000 რუსიც კი აღარ იყო. ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ალბათ, ის აშფოთებს, რომ ქალაქის ქუჩებში დღეს ძალიან ბევრი რუსი გვხვდება, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოში ბოლო დროს ძალიან განვითარდა ტურიზმი, რუსებს კი დასავლური ქვეყნების დიდ ნაწილში აღარ უშვებენ. ზოგიერთი რუსი აქ ომსაც გამოექცა, უმრავლესობა საქართველოს მხოლოდ სატრანზიტოდ იყენებს”, – აცხადებს რესპონდენტი.
კითხვაზე: “გარდა იმისა, რომ მრავალრიცხოვანია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური თემი, ამასთან, სისტემატური ხასიათი მიიღო არაბების, ჩინელების, ინდოელებისა და პაკისტანელების ჩამოსახლებამ. ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში არაქართველმა მოსახლეობამ ეთნიკურ ქართველებს გადააჭარბოს?”,- რესპონდენტი პასუხობს, რომ დიდი ალბათობით, ქვეყანაში 20 წლის შემდეგ დემოგრაფიული სურათი შეიცვლება და ეთნიკური ქართველი ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება.
“ჯერ ამის საფრთხე არ არის, იმიტომ, რომ 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86% ეთნიკური ქართველია, მხოლოდ 14% იყო არაქართველი ეთნოსი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი არ შეიცვლება. თუ პროცესი უმართავი გახდება და ქართველების შეუქცევად ემიგრაციასთან ერთად უცხოელების შეუქცევადი მიგრაცია გაგრძელდება, გაგრძელდება მიწების უცხოელებზე მიყიდვაც. დიდი ალბათობით, ქვეყანაში 20 წლის შემდეგ დემოგრაფიული სურათი შეიცვლება და ეთნიკური ქართველი ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება”,- განაცხადა დემოგრაფმა.