ორი ყველას წინააღმდეგ – როდესაც ნაცისტ ოფიცერს ებრაელი ტყვე შეუყვარდა

1943 წლის 30 მარტს 46 წლის უილი შულცმა ესროლა მეორე გერმანელ ჯარისკაცს და ნებაყოფლობით ჩაბარდა საბჭოთა პარტიზანებს. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გეტოდან 18 წლის ულამაზესი ელზა შტაინი დაეხსნა და მასთან ერთად, კიდევ 25 ებრაელი. ჰიტლერის ოფიცრისა და საკონცენტრაციო ბანაკის ტყვის სიყვარული ისტორია დღემდე ყველას აკვირვებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთ განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთთან სათუთი გრძნობები აკავშირებდეთ?

უილი შულცის ბიოგრაფიას შესაძლოა იმ დროისთვის სტანდარტული ეწოდოს. თავდაპირველად, მამაკაცი ჯარში მსახურობდა, ნამყოფი იყო ომში, მიიღო ჭრილობა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა მომარაგების სამსახურში და მინსკში ინტენდანტი გახდა. ზუსტად იქ ნახა პირველად თავისი შეყვარებული – 18 წლის ელზა შტაინი, რომელიც გეტოში გადაიყვანეს მაინის ფრანკფურტიდან. 

როგორც ამბობენ, უილმა საღი აზროვნება მაშინვე დაკარგა, როდესაც გოგონას ოკეანესავით ღრმა თვალები დაინახა. ცხადია, გოგონას მიმართ თავისი გრძნობების ღიად ჩვენება არ შეეძლო, ამიტომ შულცმა ყურადღების გამოხატვა სხვა ხერხებით დაიწყო. თავდაპირველად, მან ელზა დანაყოფის ხელმძღვანელად დანიშნა, მისი მეგობარი ლიზა კი – დამხმარედ. შემდეგ ყოფილი ოფიცერი გოგონასთვის ჩუმად პურს და წვნიანს აპარებდა, რომლითაც სამხედროებს კვებავდნენ. როდესაც ჯარისკაცებმა გეტოში მასობრივი რეიდები დაიწყეს, შულცმა სამი დღით გადამალა ასობით ებრაელი, რომელიც მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, რათა ახალგაზრდა ელზასთვის არაფერი ევნოთ. მისმა ყურადღებამ გოგონას მიმართ ნაყოფი გამოიღო – ძალიან მალე ელზამ უილს გრძნობაზე გრძნობით უპასუხა.

შეყვარებულები ხშირად ურთიერთობდნენ, როდესაც მათ ვერავინ ხედავდა, ხოლო ხანდახან – ხელჩაკიდებულებიც იყვნენ. თუმცა, როგორი ფრთხილიც არ უნდა ყოფილიყო უილი, მალე ერთ-ერთმა მისმა თანამსახურმა რაღაც იეჭვა. ასე გაჩნდა შულცის პირად საქმეში ჩანაწერი არიული რასის შეურაცხყოფის ეჭვის შესახებ, მაგრამ მისი დანაშაულის პირდაპირი სამხილების არარსებობის გამო, მან სასჯელისთვის თავის არიდება მოახერხა. უილს ესმოდა, რომ როდესაც ებრაელები თავიანთ სამუშაოს დაასრულებდნენ გეტოში, გერმანელები მათ გაზის კამერაში გაგზავნიდნენ და ელზა გამონაკლისი არ იქნებოდა, ამიტომაც ოფიცერმა გადაწყვიტა, ფიურერის და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ წასულიყო. უილმა გეტოდან გოგონას გაქცევა დააორგანიზა.

1943 წლის 30 მარტს მან მეორე ნაცისტს უთხრა, რომ რამდენიმე ტყვე ვაგონების ჩამოსაცლელად უნდა წაეყვანა. ელზას და ლიზას გარდა, სატვირთო მანქანაში კიდევ 10 ქალი და 13 მამაკაცი მოთავსდა. შულცმა მანქანის ტყისკენ წაყვანის ბრძანება გასცა…

რაც უფრო უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, მით უფრო მეტი ეჭვი იბადებოდა მძღოლის გონებაში.

„ღმერთო, კაპიტანო, აქ შესაძლოა პარტიზანები იყვნენ!“, – უთხრა შულცს ოფიცერმა, მაგრამ მან ის გააჩუმა და გზის გაგრძელება უბრძანა. მალე მძღოლი მიხვდა, რომ ისინი პირდაპირ „მტრის“ ბანაკში მიდიოდნენ, გააჩერა მანქანა და გაიქცა. მაშინ შეყვარებულ გერმანელს მისი მოკვლა მოუწია, ვინაიდან ელზას გადარჩენის ოპერაციის ჩაფლავება მას არ შეეძლო.

შულცი საჭესთან დაჯდა და ებრაელები პარტიზანების ბანაკში წაიყვანა. თავად მათ ტყვედ ჩაბარდა და დაჰპირდა, რომ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებდა. მისმა ჩვენებამ ხელი შეუწყო საბჭოთა ჯარს, მინსკში ნაცისტურ ობიექტებზე იერიში მიეტანათ.

შემოდგომაზე ელზა შტაინი და უილი შულცი უსაფრთხოდ გადაიყვანეს მოსკოვში. იქ შეყვარებულებმა ერთად ორი თვე გაატარეს, მაგრამ შემდეგ მათ დაშორება მოუწიათ. ყოფილი კაპიტანი ანტიფაშიტების სკოლაში გაგზავნეს, სადაც მას გადამზადება უნდა გაევლო გერმანიაში ფარული ქმედებებისთვის. ელზამ მალე გაიგო, რომ ორსულად იყო, ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მას ბირობიჯანში გადასვლა შესთავაზეს. გოგონამ იქ იმშობიარა.

სამწუხაროდ, ბავშვმა დაბადებიდან ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა და ჯერ კიდევ ჩვილობაში დაიღუპა. თავისი ბავშვის მამა ელზას მას შემდეგ არც არასდროს უნახავს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, უილი შულცი მენინგიტით დაავადდა და 1944 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.

მის მიერ გადარჩენილი გოგონა საბჭოთა კავშირში დარჩა საცხოვრებლად, მკერავად დაიწყო მუშაობა ფაბრიკაში, 1953 წელს დაქორწინდა და ძალიან მალე გააჩინა გოგონა.

როგორც გოგონას ზოგიერთი ნათესავი ჰყვება, ელზა ნაცისტთან ურთიერთობას მხოლოდ გეტოდან თავის დაღწევის მიზნით დათანხმდა. თავად ელზა კი ამბობდა, რომ მთელი ცხოვრება უილი შულცი უყვარდა და ძალიან იტანჯებოდა, როდესაც ბედმა ისინი დააშორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები