თბილისის ვიცემერი: ყველა ობიექტი, რომელზეც „მშენექსპერტს“ აქვს დადებითი დასკვნა გაცემული, თავიდან გადამოწმდება
მივიღეთ მერისგან დავალება, ყველა სამსახური დაიწყებს მუშაობას, რათა დოკუმენტაცია ამოვიღოთ. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ობიექტია, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ კომპანია “მშენექსპერტის” მიერ ობიექტებზე გაცემული დასკვნების გადამოწმებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყველა ის ობიექტი გადამოწმდება, რომელზე დასკვნაც “მშენექსპერტმა” მოამზადა.
„სულ ახლახან მივიღეთ მერისგან დავალება, ყველა სამსახური დაიწყებს მუშაობას, რათა დოკუმენტაცია ამოვიღოთ. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ობიექტია, მაგრამ ამ დავალებას თავიდან ბოლომდე მივყვებით და შევასრულებთ, ყველა ობიექტი, რომელზეც „მშენექსპერტს“ აქვს დადებითი დასკვნა გაცემული, თავიდან გადამოწმდება. ველოდებით პასუხს გამოძიებისგან. ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, სხვა შემთხვევაში [უსაფრთხოების სისტემას] უნდა ემუშავა და არც ამ ტრაგედიის პირისპირ არ უნდა ვყოფილიყავით. არც ის ვიცი, რა ფერის იყო [შადრევნის] სადენები და არც ის, თუ ვის არ მოეწონა. ფაქტია, რომ რაღაც გამოსასწორებელი იყო და ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება გაიცა. გამოძიება მას [მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს] ედავება იმაში, რომ ეს მითითება სხვა ფორმით, ოფიციალურად უნდა გაცემულიყო. ამას ბოლომდე გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.