18 ოქტომბერს, ტრეფიკინგთან ბრძოლის მე-16 ევროპული დღე აღინიშნება. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც შრომითი ტრეფიკინგისა და სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
“მისასალმებელი და აღსანიშნავია, რომ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში, საქართველო კვლავ პირველ კალათაშია და აკმაყოფილებს სტანდარტებს, იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ. ანგარიშში აქცენტი კეთდება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაზე, პრევენციასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო თავისი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში სერვისების მიწოდებას ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის და დაზარალებულთათვის, როგორც თავშესაფრების, ასევე კრიზისული ცენტრების ბაზაზე.
სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 116 006;
• მომსახურება ხორციელდება 9 ენაზე: ქართული, ინგლისური, უკრაინული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური, არაბული, თურქული, სპარსული;
• კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში;
• კონფიდენციალურობა დაცულია.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უერთდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს და საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში (ქ. ქუთაისი, ქ. გორი, ქ. ბათუმი, ქ. სიღნაღი, ქ. მარნეული, ქ. ოზურგეთი) ცნობიერების ამაღლების მიზნით მართავს საინფორმაციო შეხვედრებს, ზოგად საგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლების მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე მიწოდებული იქნება ინფორმაცია ტრეფიკინგის როგორც დანაშაულის და მისი ფორმების შესახებ, ასევე საქართველოში არსებული ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების თაობაზე.
საქართველოში ფუნქციონირებს 2 (ორი) ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარი (ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში) და 5 (ხუთი) კრიზისული ცენტრი (ქ. თბილისში, ქ. მარნეულში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. ოზურგეთში).
თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ბაზაზე მსხვერპლს, მასზე დამოკიდებულ პირთან ერთად, აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მათთვის საჭირო შემდეგი მომსახურებით:
✓ ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია;
✓ სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
✓ სამართლებრივი დახმარება;
✓ საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება;
✓ ერთჯერადი კომპენსაცია – 1000 ლარის ოდენობით.
სერვისები ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის”, – აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციაში.