რა აშენდება მეტროსადგურ „ავლაბართან“? – კომპანია განცხადებას ავრცელებს
ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა წყაროებით და მედიასაშუალებით, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია ავლაბრის მეტროს მიმდებარედ დაგეგმილი პროექტის შესახებ.იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა საკმაოდ დიდი ინტერესი და კრიტიკა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულად, აღნიშნული ტერიტორიაზე არსებობდა შენობა-ნაგებობები, სწორედ ამიტომ, ქალაქის ორივე გენერალური გეგმით, ამ ნაკვეთზე ვრცელდებოდა მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1993 წელს შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი, რომლის ავტორებიც იყვნენ ბატონები გიგა ბათიაშვილი და ანრი ყრუაშვილი.
ჩვენმა კომპანიამ 2004 წელს შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტით უგულებელყოფილი იყო ისტორიული ქსოვილი, კომპანია პროექტის ავტორებთან შეთანხმდა პროექტში განხორციელებულიყო ცვლილებები.
სახეცვლილი (კორექტირებული) პროექტი 2013 წელს შეთანხმდა ქ.თბილისის ზონალურ საბჭოსთან და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან.
ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიასთან მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერია მუდმივად ითხოვდა მოცულობების და მოშენების ფართის შემცირებას. საბოლოოდ, კომპანია იძულებული გახდა, დათანხმებოდა მერიის მოთხოვნას.
2022 წელს ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმდა ახალი, კორექტირებული პროექტი, რომლის მოშენების ფართი შემცირებულია როგორც თავდაპირველ პროექტთან, ასევე 2013 წლის შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში. პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ, არასაცხოვრებელ შენობას (მიწისზედა 3 სართულით) და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა საზოგადოებრივ სივრცეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 18 წლის განმავლობაში დახარჯა უამრავი რესურსი, გაკეთდა არაერთი ისტორიული კვლევა და ანალიზი, ჩატარდა რამდენიმე დახურული არქიტექტურული კონკურსი სხვადასხვა არქიტექტორების მონაწილეობით, შეიქმნა 30-ზე მეტი ესკიზი, პროფესიულ წრეებში მოეწყო საზოგადოებრივი განხილვა, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვაქვს კონსენსუსი ქალაქ თბილისის მერიასთან, არსებობს შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებს კომპანია.
შპს “ეი-პი-ეს”-ის წარმომადგენლის ბესო ორთოიძის განცხადება.