გიორგი კობერიძე: თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არ ვართ

“თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არ ვართ. ომის მდგომარეობაა, როდესაც დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, კლავენ, აწამებენ, არ წყდება ბორდერიზაცია, ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მიწებს – ომის დეფინიცია სხვა კი აღარაფერია”, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტმა, “ჯიპას” პროფესორმა გიორგი კობერიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კობერიძე ინტერვიუში რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

“ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მნიშვნელოვანი დიპლომატიური აქტია, რომელიც გულისხმობს უპირველესად იმის ჩვენებას, რომ დასავლეთს კვლავ აინტერესებს ეს ქვეყანა, საერთოდ, რეგიონი და არ აპირებს არ შეიმჩნიოს უმართებულო პოლიტიკური ცვლილებები თუ თავდასხმები. ის, რომ ქალბატონმა ჯენკინსმა გააკეთა პირდაპირი განცხადებები, ცხადყოფს, რომ აშშ-ისთვის ეს რეგიონი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს მიგვანიშნებს იმაზეც, რომ რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მოკავშირეები დაკარგოს, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მეტიც, სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი რისკი. ის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები, რაც თითქოს შეფარულად ვრცელდება, აშკარად საგარეო კურსიდან გადახვევის ცდაა. ამერიკელები ამას მშვიდად რომ არ შეხვდებიან, ესეც ცხადია. ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ჩვენი უდიდესი მხარდამჭერია, მან ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოებაში უდიდესი ინვესტიციები ჩადო და ბუნებრივია, მოელის, რომ პარტნიორობა იქნება ორმხრივი და საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას და ასე უაპელაციოდ, უსაფუძვლოდ მოკავშირეზე თავდასხმებს შეწყვეტს. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვა რომ იყოს, უპირველესად იზრუნებდა შეიარაღების გაზრდაზე, სამხედრო ნაწილების მობილიზებასა და დასავლეთთან პარტნიორობის უფრო გამყარებაზე. ანაბანაა – “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის”. განიარაღებით, მოკავშირეების გადამტერებით, მუდმივად კონფლიქტური და ორაზროვანი განცხადებებით უსაფრთხოება არ მიიღწევა. ომი არავის უნდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაშია. თავს ნუ მოვიტყუებთ იმაზე ფიქრით, რომ რადგან თბილისში რუსული ტანკი არ დგას, ომში არა ვართ. ომის მდგომარეობაა, როდესაც დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, კლავენ, აწამებენ, არ წყდება ბორდერიზაცია, ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მიწებს – ომის დეფინიცია სხვა კი აღარაფერია.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ნელი ინტენსივობის კონფლიქტი. როდესაც ვამბობთ, რომ ომის თავიდან აცილება გვინდა, ეს არ უნდა ნიშნავდეს მუდმივად თავდახრით ყოფნას, მოკავშირეებთან დაპირისპირებას და თავის შეყოფას იმ ხორცსაკეპში, რომელშიც ახლა თვითონ რუსეთია გაჩხირული. ჩვენი უგუნური პოლიტიკის გამო თუ მართლაც ზურგი შეგვაქციეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს კატასტროფა ემუქრება. რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროების გაზრდას აქტიურად ცდილობს სოციალური ქსელის, ტელევიზიის, გავლენის აგენტების გამოყენებით. დღეს დასავლეთზე თავდასხმა სწორედ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს. ვინ რა მოტივით აკეთებს ამას, პირდაპირ თუ ირიბად, აღარ აქვს მნიშვნელობა. აქსიომაა, თუ თავს ვესხმით დასავლეთს, კარს ვუღებთ რუსეთს, მით უფრო დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა ძირფესვიანად იცვლება, იცვლება ძალთა ბალანსი. სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი კარგად ხვდებიან, რომ რუსული გავლენა რეგიონში სუსტდება. შესაბამისად, ხვდებიან იმასაც, რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობა წამგებიანია. აქედან გამომდინარე, რუსეთზე ფსონის დადებას აღარავინ ცდილობს. მოსალოდნელია რეგიონში გაიზარდოს თურქული ზეგავლენა და ამასთანვე, თავის გავლენას გაზრდის დასავლეთიც. თურქეთი, სავარაუდოდ, მოგვევლინება დამოუკიდებელ მოთამაშედ, ასევე მოთამაშედ დასავლეთთან დუეტში. ევროპაში კარგად იციან, რომ კავკასია მნიშვნელოვანი ენერგოგამტარია, შესაბამისად, სჭირდებათ სტაბილური რეგიონი. ყარაბაღის კონფლიქტი და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება ამ სტაბილურობისთვის უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორია. დღეს, ამ კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ, შესაძლოა მოხერხდეს კავკასიაში პროცესების იმგვარად წარმართვა, რაც ძალთა დაბალანსებამდე მიგვიყვანს. ამაში დასავლეთის როლი ძალიან დიდი იქნება. სწორედ ის იქნება გარანტორი, რომ ყველა ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. რუსეთი აქამდე იყო ძალა, რომელიც წყალს ამღვრევდა რეგიონში, რათა თვითონ ადვილად დაეჭირა თევზი. მისი დასუსტების შემდეგ ასე აღარ იქნება”, – განაცხადა რესპონდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: “ცეცხლშია გახვეული ყირიმის ხიდი… არ წყდება ლაპარაკი, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს…” -კობერიძე პასუხობს, რომ ჰიპოთეზურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“ჰიპოთეზურად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მით უფრო რთულია ამტკიცო, რომ პუტინი ამას არ იზამს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი, უპირველესად კი შიდაპოლიტიკური ვითარება, ანუ პუტინის ირგვლივ არსებული ოლიგარქიული და ე.წ. ძალოვნების წრე. რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა შესაძლოა მკვლელებისგან შედგება, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან თვითმკვლელები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ არა სურთ პუტინს ჩაჰყვნენ პოლიტიკურ თუ რეალურ სამარეში. ვფიქრობ, რუსულ ოლიგარქიულ სისტემას ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი, ამიტომაც ბირთვული იარაღის გამოყენებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობენ.კიდევ ერთი ტექნიკური ასპექტი – არავინ იცის, რა მდგომარეობაშია რუსეთის ბირთვული არსენალი და რომც გაისროლოს, რა ეფექტი ექნება, მიაღწევს კი დანიშნულების ადგილამდე? ყოველივე ამას სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, დაკვირვება. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი იარაღი სადმე გამოცადოს და კიდევ ერთხელ დაიმუქროს, რომ შემდგომი უკრაინა იქნება…

სიმართლე გითხრათ, რუსეთის პოზიცია, თუნდაც ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ, როდესაც კრემლი ცდილობს მაქსიმალურად დამალოს საკუთარი მარცხი, მაინცდამაინც არ აჩვენებს, რომ რუსეთს პროცესების მეტი ესკალაცია სურს. ჩემი აზრით, არა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რეგულარულმა არმიამ არაერთი მიმართულებით იწვნია მარცხი და კრემლს მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ომის გამოცხადებამ რა შეიძლება შეცვალოს. ჩემი აზრით, რუსეთი განწირულია მარცხისთვის. არ შეიძლება XXI საუკუნეში პუტინის წამოწყებული დაპყრობითი ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსეთს თუ გაუვიდა, ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კატასტროფა იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც დაპყრობით ომზე ბევრ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა შეეცდება ის მაინც შეინარჩუნოს, რაც ომამდე მიითვისა, უპირველესად ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის დიდი ურბანული ცენტრები. შეიძლება ამაზე ივაჭროს”, – განაცხადა კობერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები