ჯუანშერ ბურჭულაძე: გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარით გაიზარდა. პრიორიტეტები, რომლებიც დასახული იყო, კერძოდ, სოციალური პირობები ჯარისკაცისთვის რჩება და არ გადავუხვევთ ამ პოლიტიკას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი იმავე პრინციპით გადანაწილდება და კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯარისკაცისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
„ეს გახლავთ პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული ჯარისკაცზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევასუსტებთ შეიარაღების მიმართულებას. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები დავისახეთ. პარტნიორების რეკომენდაციით ჩვენ დავსახეთ საშუალო და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც 10- წლიან პერსპექტივას გულისხმობს, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით. გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დასახულ გეგმას ცოტა გავასწროთ კიდეც“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.