“აფხაზეთი საკავშირო სახელმწიფოს გამოცდილებას სწავლობს” – არძინბა ბელარუსში ყოფილ ელჩს შეხვდა
“აფხაზეთი ყურადღებით სწავლობს საკავშირო სახელმწიფოს გამოცდილებას”, – განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ საკავშირო სახელმწიფოს მდივანთან, ბელარუსში რუსეთის ყოფილ ელჩთან, დიმიტრი მეზენცევთან შეხვედრის შემდეგ.
არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია საკავშირო სახელმწიფოს გამოცდილების შესწავლით, როგორც ეფექტური ინტეგრაციის პლატფორმის სახით.
არძინბას თქმით, თანამედროვე პირობებში ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობს სხვადასხვა ინტეგრაციის ასოციაციების მუშაობაში.
“სუვერენული სახელმწიფოები აერთიანებენ ძალებს ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად, რომ გააუმჯობესონ თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი“, – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
მხარეებმა განიხილეს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შედეგები, სამმხრივ ფორმატში ერთობლივი მუშაობა – რუსეთსა და ბელარუსთან და “აფხაზური მხარის” მზადყოფნა რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.