ისტორიული კითხვა – ჰქონდა თუ არა იოსებ სტალინს ქართული აქცენტი

ითვლება, რომ იოსებ სტალინი ძლიერი ქართული აქცენტით საუბრობდა. ასეც ვისმენთ დოკუმენტურ კინოქრონიკებში, რადიოჩანაწერებსა და ფილმებში. თუმცა, მისი თანამედროვეები, რომლებიც ბელადს კარგად იცნობდნენ, ამტკიცებენ, რომ რეალურად მისი საუბარი არ ჰგავს იმას, რასაც ჩვენ ყველა ვიცნობთ. და მაინც, როგორ საუბრობდა მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი?
ჩვენს წარმოდგენაში სტალინი საშუალო სიმაღლის ქართველი ადამიანია შეუცვლელ ჯარისკაცის ფორმაში, ქრომირებული ჩექმითა და ჩიბუხით. საუბრისას ის კავკასიური მანერით ამახინჯებს სიტყვებს და საერთოდაც, ძალიან ბრუტალურად და შემზარავად გამოიყურება. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ბელადს პირადად შეხვედრიან, მასზე საუბრობენ, როგორც მეგობრულ და ქარიზმატულ ადამიანზე, კარგი იუმორის გრძნობით და გრამატიკული რუსულის ცოდნით. მაშ, სად არის სიცრუე და სად იმალება სიმართლე?
სტალინის იერი, რომელიც ახლა ყველას მის ნამდვილ იერად წარმოუდგენია, პარტიის მეოცე შეკრების შემდეგ გაჩნდა, როდესაც ახალმა გენერალურმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა თავისი ანგარიში წაიკითხა და ამხილა მისი პიროვნების კულტი და ყველას თვალი აუხილა სტალინიზმის დანაშაულებზე. ამის შემდეგ სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს. ყველგან მისი ძეგლების განადგურების ტალღა გავრცელდა, ხოლო კინოთეატრების ეკრანებიდან გაქრა ბრძენი და მზრუნველი „მამის“ იერსახე.
ვინაიდან ხრუშჩოვი თვლიდა, რომ სტალინის პიროვნების კულტი შექმნილი იყო მეტწილად კინემატოგრაფიით, დოკუმენტური პროპაგანდისტული ფილმები – კეთილი გენერალური მდივნის პერსონაჟით – არქივში მოათავსეს, ხოლო ახლების გადაღება აკრძალეს. ამიტომაც, ამხანაგ დუღაშვილს რამდენიმე თაობა გვიანი საბჭოთა პერიოდის ფილმებიდან იცნობს.
სტალინის ნათესავი, მარიამ სვანიძე, რომელიც ბელადის სახლში ხშირი სტუმარი იყო, თავის დღიურში წერდა: „როგორი უცნაურია, მე მის ხმას ვერ ვცნობდი – მიკროფონიდან მისი ტემბრი სულ სხვა იყო. რაც მთავარია, აქცენტი 100%-ით უფრო ძლიერი, ვიდრე ცხოვრებაში. ის ძალიან სუფთად საუბრობს რუსულად…“
ასეთი რამ ქალმა მას შემდეგ დაწერა, რაც პირველად მოისმინა სტალინის ხმის ჩანაწერი რადიოში. ამჯერადაც გაუგებარია – შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი აქცენტით მხოლოდ რადიოში საუბრობდეს? იოსებ დუღაშვილი 1878 წელს საქართველოში, გორის რაიონში დაიბადა. ბელადის ოჯახში ქართულ ენაზე საუბრობდნენ, 8 წლამდე იოსებმა რუსული ენა საერთოდ არ იცოდა.
ბიჭუნას დედა ოცნებობდა, შვილი ფეხზე დაეყენებინა, რაც მხოლოდ კარგი განათლებით იყო შესაძლებელი. ხოლო ასეთი განათლების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ რუსულ ენაზე, ამიტომ ქალმა, რომელიც შვილს სასულიერო სემინარიის სტუდენტად ხედავდა, ადგილობრივი მღვდლის შვილებს სთხოვა, იოსებს რუსულის სწავლაში დახმარებოდნენ. იოსები ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა – უკვე ორ წელიწადში მან რუსული ძალიან კარგად შეისწავლა და ისევე თავისუფლად საუბრობდა, როგორც ქართულად.
ამან მას საშუალება მისცა, სემინარიის მეორე კურსზე ჩაებარებინა. სტუდენტობისას დუღაშვილი, ძირითადად, თბილისის რუსულენოვან საზოგადოებაში ტრიალებდა. მისი რევოლუციური ფსევდონიმი – სტალინი, რუსულ გვარადაც შეიძლება ჩაითვალოს.
საინტერესოა, რომ სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა საკუთარ მემუარებში წერდა, რომ 6 წლამდე არც კი იცოდა, რომ მისი მამა ქართველი იყო. ამის შესახებ უფროსმა ძმამ აცნობა. სტალინის ოჯახში ქართული არაფერი იყო – მას შეძლება ასიმილირებული, გარუსებული ქართველიც ეწოდოს.
უფრო მეტიც – ფესვებთან კავშირი ძალიან აღიზიანებდა და არ უყვარდა, როდესაც კავკასიიდან მისი მეგობრები და ნათესავები ჩამოდიოდნენ ტიპური ქართული საჩუქრებით (ღვინო, ყველი, ხილი და ნაციონალური ტანსაცმელი). ამასთანავე, სტალინს უყვარდა ქართული სიმღერები და სიამოვნებით ასრულებდა კიდეც მათ.
ბევრი იხსენებს, რომ სტალინის ხმა ძალიან ჩუმი იყო. ამიტომ ყველა მის სამუშაო კაბინეტში სპეციალური აკუსტიკა იყო შექმნილი, რათა თანამოსაუბრეებს გარკვევით გაეგოთ მისი ნათქვამი. მარიამ სვანიძე წერდა, რომ იოსების ხმის ყველა ჩანაწერი ძალიან ცუდი ხარისხისაა და რაც უფრო ახლებია, მით უფრო მეტად ისმის ქართული აქცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები