თენგიზ ფხალაძე: რუსეთში პანიკა ატყდა, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რაც უნიკალური შემთხვევაა – მორბიან ქვეყანაში, რომლის დიდი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში საომარი მდგომარეობა არ გამოცხადებულა. მას შემდეგ ყველა სამხედრო აგრესიას, ავღანეთი იქნებოდა, სირია თუ საქართველოში ომი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერქვა. განსხვავება ის არის, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგის შეფასება, წარმატებული იყო თუ არა, ბუნდოვანია, ომს კი ან აგებ, ან იგებ და თუ აგებ, ქვეყანა აგებს და ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც ატყდა პანიკა რუსეთში, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რაც უნიკალური შემთხვევაა – მორბიან ქვეყანაში, რომლის დიდი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ის, რაც ხდება უკრაინაში, აბსოლუტურად ცვლის უსაფრთხოების გარემოსაც, პოლიტიკურ გარემოსაც, გეოპოლიტიკურ ვითარებასაც, რაც საქართველოსთვისაც აჩენს შესაძლებლობებს.

“პუტინის გამოსვლაში აღარაფერია არც არსებითი და არც სიტუაციის რეალურად შემცვლელი. ყველაფერი, რაც იყო, შიდა აუდიტორიისთვის, შიდა მოხმარებისთვისაა. რეალურად არაფერი იცვლება და მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება ის ვითარება, რაშიც რუსეთი და კრემლის დღევანდელი რეჟიმია. ზელენსკის ნათქვამი, რომ უკრაინა დაელაპარაკება რუსეთის სხვა პრეზიდენტს, შემთხვევითი არ არის. ეს არის ის საერთო აზრი, რომელიც პუტინმა თავადვე მოამწიფა ევროპაში. თუ მანამდე კიდევ იყო ლაპარაკი მისი იმიჯის შენარჩუნების შესაძლებლობებზე, დღეს ამას უკვე აღარავინ ახსენებს, ისეთ ხაფანგში გაიბა თავი დღევანდელმა რეჟიმმა. ასე რომ, ეს არაფერს ცვლის სამართლებრივად, პოლიტიკურად კი უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს კრემლის დღევანდელ რეჟიმს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში საომარი მდგომარეობა არ გამოცხადებულა. მას შემდეგ ყველა სამხედრო აგრესიას, ავღანეთი იქნებოდა, სირია თუ საქართველოში ომი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერქვა. განსხვავება ის არის, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგის შეფასება, წარმატებული იყო თუ არა, ბუნდოვანია, ომს კი ან აგებ, ან იგებ და თუ აგებ, ქვეყანა აგებს და ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც ატყდა პანიკა რუსეთში, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რაც უნიკალური შემთხვევაა – მორბიან ქვეყანაში, რომლის დიდი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს. მობილიზაციის გამოცხადების ფსიქოლოგიური მომენტი ამიტომ იყო ასეთი მძიმე, რომ მოსახლეობას პირდაპირ უთხრეს, ადექი და მოკვდი პუტინისთვისო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მათთვის არავის უთქვამს. რუსეთი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტერიტორიაზე კი სჩადიოდა საშინელებებს, მაგრამ ეს რუსეთში მცხოვრებთ არ ეხებოდათ. რუსეთის მოსახლეობა მზად არის თვალი დახუჭოს პუტინის დანაშაულებზე და არ ადარდებთ არც უკრაინელი ხალხის გაწყვეტა, არც ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე. პირიქით, ბედნიერი არიან და ჰგონიათ, რუსეთი ამით ძლევამოსილია. ეს მოსახლეობა არ არის მზად პუტინისთვის სიკვდილისთვის.

ახლა უკრაინის ტერიტორიების ე.წ. მიერთებით პუტინი უკვე მთელ მსოფლიოსთან ღია ომს იწყებს, ღია ომი კი სხვა პირობებით მიმდინარეობს. არადა, პუტინმა ამით საკუთარ თავს დაუგო ხაფანგი, რადგან თუ ფიქრობს, რომ ახლა თავისუფალია, რათა მის ხელთ არსებული ყველა ძალა და ბერკეტი გამოიყენოს. შემთხვევითი არ იყო ამერიკის გაფრთხილება, რომ დამანგრეველი და კატასტროფული შედეგები იქნება რუსეთისთვის, თუ გაბედავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. სტრატეგიულის გამოყენებას რომ ვერ გაბედავს, ორი აზრი არ არსებობს – გამორიცხულია, გაბედოს. ტაქტიკურის გამოყენება უფრო ადვილია, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება კი სხვა ტიპის მომზადებასა და ქმედებებს მოითხოვს. სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას სჭირდება სპეციალური მომზადება, გარკვეული ეტაპების გავლა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინო და თუ საჭიროა, პრევენციაც მოახდინო. ამერიკას ჰყავს სულ 3 თვითმფრინავი, რომლებიც აკონტროლებს ასეთი ტიპის იარაღის გადაადგილებას, მზადებას და ასე შემდეგ. სავარაუდოდ, სანამ ამერიკის გაფრთხილება გახმაურდებოდა, სიტუაციის მოდელირებაც მოხდა და სალივანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, სწორედ ამის შემდგომ გააკეთა სათანადო განცხადება.

ტაქტიკური იარაღის გამოყენება უფრო იოლია, სტრატეგიული კი მოითხოვს კოლექტიურ გადაწყვეტილებას და კოლექტიურ აღსრულებას და არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ის პირი, რომლებიც თანამდებობრივად ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, მზად არიან, რომ პუტინს მოუსავლეთში ჩაჰყვნენ. დღეს რუსეთში კულუარებში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ შეიძლება შეცვალოს პუტინი. მას არა აქვს პოლიტიკური მომავალი და არა მგონია, იმ პირებს, რომლებიც იქ არიან და შედარებით უფრო ახალგაზრდებიც, ყველას ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ თავისი და საკუთარი შვილების მომავალი პუტინის გულისთვის გაწიროს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პუტინის ავადმყოფური ფანტაზიის გამო გამოსარიცხი არაფერია. ბირთვული იარაღის გამოყენება ისეთი ჯინის გამოშვებაა, რასაც კატასტროფული პასუხი მოჰყვება. ის შემაკავებელი, რაც დღეს ნატოს წევრ სახელმწიფოებს ხელს უშლის, რომ პირდაპირ ქმედებებს მიმართოს, ისპობა. ასეთ შემთხვევაში კი ძალთა ბალანსი ნამდვილად არ არის რუსეთის სასარგებლოდ. რაც შეეხება უკრაინის განაცხადს ნატოში დაჩქარებულად გაწევრებაზე, ყურადღება გასამახვილებელია ერთ რამეზე – განაცხადი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის საიდუმლო ვიზიტს კიევში. არა მგონია, ზელენსკის ეს განცხადება პარტნიორებთან კომუნიკაციის გარეშე გაეკეთებინა. არ მგონია, ახლა 30 სახელმწიფო მზად იყოს ერთ წუთში გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა, სანამ უკრაინა ამ განაცხადს გააკეთებდა, ალბათ, მან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გარანტიები მიიღო ნატოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებისგან. დღეს უკრაინა ნატოს დე ფაქტო წევრია. რამშტაინის ფორმატი ამის გამოხატულებაა. შესაძლოა სახელმწიფოები მეხუთე მუხლს სრულად არ ასრულებდნენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი სრულდება, რადგან ის სამხედრო დახმარება, წვრთნის პროგრამა და ასე შემდეგ, რაც ეძლევა უკრაინას, პირდაპირ მონაწილეობაზე არანაკლებია.

რაც შეეხება საქართველოს, ის, რაც ხდება უკრაინაში, აბსოლუტურად ცვლის უსაფრთხოების გარემოსაც, პოლიტიკურ გარემოსაც, გეოპოლიტიკურ ვითარებასაც, რაც თავისთავად ცხადია, აჩენს შესაძლებლობებს საქართველოსთვისაც. ოღონდ ჩვენ ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ უკრაინაში რაღაცა გადაწყდება და ავტომატურად გავრცელდება საქართველოზეც. ევროკავშირში გაწევრების საკითხი ამის კარგი მაგალითია – უკრაინამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყნებს მიეღოთ კანდიდატის სტატუსი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატობა, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა – ანუ შეიქმნება გაწევრების შესაძლებლობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს”, – აცხადებს ფხალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები