პაატა ზაქარეიშვილი: ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში, როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს

“ჩემი აზრით, ეს ვიზიტი რუსეთის სპეკულაციაა, ვაჭრობა აფხაზურ მხარესთან, რომ თუ აფხაზეთი უმტკივნეულოდ დათმობს ბიჭვინთის აგარაკს, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან, დაჰპირდებიან ბელარუსის მიერ აღიარებას”, – ასე აფასებს კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს.

როგორც ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, ეუთო-სა და გაერო-ს წევრი სახელმწიფო საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს, რაც მკაცრი შეფასებებისა თუ განცხადებების გაკეთების აუცილებლობას იწვევს.

“ჩემი აზრით, ეს ვიზიტი რუსეთის სპეკულაციაა, ვაჭრობა აფხაზურ მხარესთან, რომ თუ აფხაზეთი უმტკივნეულოდ დათმობს ბიჭვინთის აგარაკს, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან, დაჰპირდებიან ბელორუსის მიერ აღიარებას. ამიტომ ჩავიდა ლუკაშენკო ბიჭვინთაში და მივიდა იმ დანგრეულ შენობაში, სადაც ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, და არა სოხუმში. პუტინმა გაგზავნა ლუკაშენკო შეტყობინებით, ბელარუსს შეუძლია აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ოღონდ თქვენ რუსეთს უნდა გადასცეთ ბიჭვინთის აგარაკის ტერიტორია, 200 კვადრატულ კილომეტრამდეო. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა კულუარულად საუბარი. ასე რომ, ორმხრივი კომბინაციაა – თქვენ აძლევთ ბიჭვინთას, ჩვენ გაძლევთ აღიარებას.

აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან, რომ ბიჭვინთის აგარაკების დიდი მონაკვეთი რუსეთის მთავრობას გადასცენ. არადა, მაქსიმუმ ოქტომბერში აფხაზეთში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, რომელმაც შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს და ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადაეცეს. ამიტომ პუტინმა, როცა სოჭში ლუკაშენკოს შეხვდა, შესაძლოა ის აიძულა, რომ ჩასულიყო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე და იქიდან დალაპარაკებოდა აფხაზ ხალხს. ვფიქრობ, ლუკაშენკო იძულებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც ჩავიდოდა. ბიჭვინთის აგარაკზე მისი ჩასვლა დაახლოებით ასეთი მესიჯია: “აფხაზებო, დაფიქრდით კარგად, მე, ბელარუსის პრეზიდენტი, მზად ვარ, ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მანამდე ბიჭვინთა უნდა გადასცეთ რუსეთს”. მე ასე ვკითხულობ – ჯერ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა და შემდგომ აღიარება – დაახლოებით ასეთი ლოგიკაა. ეს დამატებითი რესურსია ამ საკითხის რატიფიკაციის მომხრეებისთვის, აი, ბელარუსი გვაღიარებს და საჭიროა ამის გაკეთებაო. კრემლი მაქსიმალურად ცდილობს არ დააზიანოს “ქართული ოცნების” მდგრადობა საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ბიჭვინთის გადაცემის შემდეგ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, შესაძლოა რუსეთს პრობლემები შეექმნას საქართველოში. ამიტომ ლუკაშენკო ძალიან ბუნდოვნად ლაპარაკობს შესაძლო აღიარებაზე – არ ჰპირდება, არ ამბობს, შეიძლება, გაღიაროთო. მთავარი ის არის, რომ ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს. მერე რა იქნება, ეს აღარაა მთავარი, “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია – თან ბიჭვინთის მითვისება უნდა, თან არ უნდა ქართველი საზოგადოების გაღიზიანება, რომელმაც შეიძლება ჩამოაგდოს “ქართული ოცნება”. ამიტომ შეპირება აღიარებაზე ძალიან ბუნდოვანი და არადამაჯერებელია – მომეცით ბიჭვინთა და მერე ვილაპარაკოთო, დაახლოებით ეს მომენტია.

ყოვლად მიუღებელი და მძიმეა, ვიდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა, როდესაც ქართული მხარე ცდილობს შექმნას ილუზია, რა მოხდა მერეო. პირიქით უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს მკაცრი რეაქცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ბელარუსთან ერთად ვართ ეუთოში, გაეროში და უნდა მოვითხოვოთ, რომ განიხილონ ეს საკითხი და მკაცრი შეფასება მისცენ. ამის ნაცვლად კი ჩვენ სიტუაციას ვარბილებთ. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქცევაა. აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ აღიარებენ, ამიტომ, ალბათ, მისცემენ ბიჭვინთას. ჩემსავით რომ ფიქრობდნენ აფხაზები, შესაძლოა ეთქვათ, ნუ ავყვებით ამ მანიპულაციასო, მაგრამ ასე არ ფიქრობენ. აფხაზეთში წინააღმდეგობა იყო მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ რუსეთს ბიჭვინთას აძლევდნენ, ასე ვთქვათ, უფასოდ და ახლა საპირწონედ დადგა ბელარუსის მხრიდან აღიარება. ზოგიერთი იტყვის, ჯანდაბას ბიჭვინთა, თუკი აღიარებას მივიღებთო, მაგრამ ბიჭვინთას გასცემენ და აღიარებას არ მიიღებენ. მიიღებენ მხოლოდ შეპირებას, კარგი დრო რომ დადგება, მაშინ გაღიარებთო. ბელარუსს არაფერში სჭირდება აფხაზეთის აღიარება. ლუკაშენკო იძულებული იყო, ჩასულიყო. არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ დსთ-თან არ გაიფუჭოს ურთიერთობა. ერთადერთი, ვინც მას ელაპარაკება, დსთ-ის სახელმწიფოებია და მათ ამ ჩასვლით ეუბნება, მიმიფურთხებია თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვისო. იმ პატარა კლუბშიც კი, სადაც მას ხელს ართმევენ, იქაც კი მიუღებელი გახდება და ამიტომ მას არაფერში სჭირდებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მით უმეტეს, აღიარება. საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ვთქვი, გაეროსა და ეუთოში ძალიან მკაცრად უნდა დააყენოს საკითხი. კობახიძის განცხადებისნაირი პოზიცია კი არ უნდა იყოს, რა მოხდა, შავი ზღვის სანაპირო მოინახულაო, არამედ საჭიროა მკაცრი განცხადებები, რომ ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. გაუგონარი რამაა – ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც აკრძალული აქვს ყველას იქ შესვლა. ის ყირიმში არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდებდნენ და არათუ არ ჩავიდა, გამოსვლები ჰქონდა, რა აუცილებელია ჩემი იქ ჩასვლა, ისედაც ხომ ყველამ იცის, რუსეთთან რომ ვმეგობრობო. მაგრამ ჩავიდა აფხაზეთში, რაც საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბელარუსის უშიშროების სამსახურთან დადებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და აბსურდული ხელშეკრულება და უპირველესად ის უნდა გაუქმდეს, რადგან მასში აშკარად ჩანს უშიშროების სამსახურების რუსეთთან ბმა. ახლა ამ სიტუაციის გამოყენება ამ პრობლემის მოგვარებისთვისაც შეიძლება. პოლიტიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები