ჯუანშერ ბურჭულაძე – „მინდა, ყველა სამხედრო მოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენს“
„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და სამხედრო მოსამსახურეებს 2024 წელსაც მოემატებათ ხელფასი“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზა მოინახულა, სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო და ჯარისკაცებისათვის ხელფასების 20% ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. თავდაცვის მინისტრმა პრემიერს სამხედრო მოსამსახურეების სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელფასო ანაზღაურების ზრდა განგრძობით ხასიათს ატარებს.
„დღეს ჩვენმა საზოგადოებამ შეიტყო ძალიან სასიხარულო ამბავი. მინდა, ყველა სამხედრო მოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენ, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება ჯამურად 490 მილიონი ლარით.
„ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.