წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ, 1200 კვ. მეტრზე, ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ატრაქციონებით, ბავშვთა გასართობი ზონა განთავსდა, დამონტაჟდა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სარბენი ბილიკი, კომბინირებული სპორტული მოედანი, ასევე დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები და განათების ბოძები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკვერის გამწვანებაც. ახლადგახსნილი სკვერი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად, დაათვალიერა.
გიორგი ტყემალაძე და დავით კვინიკაძე ახალ სკვერში მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ ვაკის რაიონში დაგეგმილი სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. ახლადგახსნილ სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრაც გაიმართა, სადაც მათ რაიონში დაგეგმილი სხვა პროექტების შესახებაც ვესაუბრეთ. მინდა მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთი, ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ვაკეში კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.