კახა კალაძე: როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავამთავრებთ, მერწმუნეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული იქნება
კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რა იწვევს დედაქალაქში საცობებს. მერის თქმით, მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ.
„საზოგადოებაში ბევრს ეს კარგად ესმის, ბევრს უჭირს აღქმა, თუ რას იწვევს მელიქიშვილის რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩის ჩაკეტილობა. პირდაპირ ვიტყვი – როდესაც მელიქიშვილზე ამხელა სამუშაოები მიმდინარეობს, ეს იწვევს ვარაზისხევის გაჭედვას, ჭავჭავაძის ქუჩის გაჭედვას ორივე მიმართულებით, რაც პრობლემაა, ასევე – ბარნოვის, აბაშიძის ქუჩებზე გადაადგილება პრობლემურია, გმირთა მოედანი… როდესაც იჭედება, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს, ეს გადადის თამარ მეფეზე და მიჰყვება ასე… რა თქმა უნდა, როდესაც საცობებია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს, სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. მაგალითისთვის, გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1 650 ბრუნის გაკეთება და 1 650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. ეს ციფრებში, მგზავრთა რაოდენობაში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით, 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ. ეს ძალიან დიდი ციფრია, მეგობრებო. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვიცით, რატომ ხდება ეს. მერწმუნეთ, როდესაც ამ სამუშაოებს დავამთავრებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გასულ წელს პიკურ პერიოდში დედაქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა, დღეს კი ყოველდღიურად 590 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება.