საქართველოს თავდაცვა ავღანელ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს

  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა ხან მუჰამადმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი ავღანელი კოლეგებისთვის ქართული რეფორმების გაზიარებას და ასევე ავღანური ჯარის გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას.
“დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი მინისტრ მუჰამედისთან ერთად იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ფუნდამენტი ჩაეყარა ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ჩვენი სამხედროები თუნდაც ახლა, როდესაც ვიყავი ყანდაღარში, იქაც ამზადებენ უკვე ავღანელ არტილერისტებს. გადასცეს მათ სერტიფიკატები. ეს გაგრძელდება და ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ბევრად უფრო ძლიერი, ყოვლისმომცველი იქნება. მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და საქართველოს მთავრობა ავღანურ მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიას მადლობა გადაუხადა ქართველი სამხედროების მიერ სტაბილურობის ოპერაციებში გაღებული წვლილისთვის.
“დღევანდელი მემორანდუმი ეფუძნება წლების განმავლობაში ჩვენს შორის არსებულ თანამშრომლობას და მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ვაფასებთ ქართველების თავგანწირვას ავღანეთის მიწაზე. თქვენი მთავრობა ჩვენს მხარდაჭერას 2014 წლის შემდეგაც აპირებს. ხელმოწერილი მემორანდუმით ჩვენ უფრო ეფექტურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს”, – განაცხადა ბისმილა ხან მუჰამადმა. ოფიციალური მიღება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდნენ. ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები