„ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს
თბილისის მერიის ა(ა)იპ-ს „ჩემი ადვოკატი“ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს.
მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად და დაბალი ფინანსური დანახარჯით, წარმოშობილ დავას თავად აგვარებს.
„ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წელია ჩართულია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ მედიაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სასამართლოებში მიმართვიანობით გადატვირთულობის საკითხის მოგვარებას, არამედ, წარმოადგენს ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ გზას“, – განაცხადა „ჩემი ადვოკატის“ დირექტორმა, მარინა ბერაძემ.
ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას, დაახლოებით, 20 000 მოქალაქეს უწევს, რადგან მნიშვნელოვანია მედიაციის არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ხელშეწყობა, არამედ აღნიშნული ინსტიტუტის პრაქტიკულ დონეზე განვითარების მხარდაჭერაც. მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და მედიაციის მეშვეობით, დავების გადაწყვეტასაც შესთავაზებს.