კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა
კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, რეაბილიტირებულ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღდგება.
„კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, გადაადგილება შეუძლებელი, თუმცა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები.
პირველ ყოვლისა, სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რის მიხედვითაც, დაიგეგმა ფერდის გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი, გაბიონები და ამჟამად, სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რადგან ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, 24 სექტემბრისთვის დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი.