კიკეთში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გელა ნიორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და პატიმრობის გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ მომხდარის გარემოებებზე ისაუბრა.
უფლებადამცველის განმარტებით, დავით ხოჯანაშვილი და გელა ნიორაძე მომხდარის დღეს, 17 სექტემბერს ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს. მისი თქმით, ხოჯანაშვილს მართებდა ნიორაძის ვალი, რასთან დაკავშირებითაც მან სასაუბროდ ნიორაძე თავისთან სახლში დაიბარა. ადვოკატის განცხადებით, გელა ნიორაძე შვილთან ერთად მივიდა ხოჯანაშვილის სახლში, რომლებიც ხოჯანაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სასტიკად სცემეს.
„საფრთხე იყო თავდასხმის და მაშინ მოხდა გასროლა”, – თქვა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
მისივე თქმით, ამ მოცემულობით, მომხდარი არ იყო განზრახ მკვლელობა.
ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ გელა ნიორაძე არ მიმალულა და ის პოლიციას სახლში დახვდა, ასევე, გათავისუფლების შემთხვევაში, არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს კიკეთში ბრალდებული ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.