თბილისის საკრებულოს პროექტის ,,კინო ყველგან’’ ფარგლებში მორიგი ჩვენება გაიმართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ,,კინო ყველგან’’ გრძელდება.
მორიგი კინოჩვენება ამჯერად დიდუბის რაიონში გაიმართა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენა“ რესტავრაცია განხორციელდა. ფილმის რესტავრირებული ვერსიის პირველი ჩვენება დღეს, დიდუბის რაიონში შეკრებილი მაყურებლისათვის მოეწყო.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროექტის, ,,კინო ყველგან’’ ფარგლებში, ნაჩვენები იყო ფილმი – ,,არაჩვეულებრივი გამოფენა’’, რომელიც არის ქართული კინოს შედევრი და ყველა თაობისთვის საყვარელი ფილმი. აღსანიშნავია ისიც რომ, ეს ფილმი, ერთ-ერთია იმ უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობიდან, რომელსაც კინოცენტრის ხელმძღვანელობითა და საქართველოს ეროვნული არქივის ჩართულობით რესტავრაცია გაუკეთდა და დღეს, პირველად ხდება ამ აღდგენილი ფილის ჩვენება“.-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების აქტიური ჩართულობით ხორციელდება. დიდუბის რაიონში გამართულ ჩვენებას ამავე რაიონის მაჟორიტარი წევრი საკრებულოში გივი ჩხარტიშვილი , თბილისის საკრებულოსა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.