საკრებულოში N220 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის გმირის, ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი

თბილისის საკრებულოში ორი კომისიის – განათლების და კულტურის, ასევე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიების თავმჯდომარეები: კახა ლაბუჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.

სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის N220 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსნის, ლეიტენანტის ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს N220 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მიმართა.

“27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ დღეს თბილისის 220-ე საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ლეიტენანტის, ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე ვმსჯელობთ. დღევანდელი სხდომა ემოციურია, რადგან მას ესწრება გმირის დედა, ქალბატონი გენრიეტა ძამუნაშვილი, გმირის შვილები და კურსელები. სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, ვისი აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ ისაუბრეს და ამასთანავე, პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადეს. საკითხის შესახებ ინფორმაცია ამავე სკოლის დირექტორის მ/შ მანანა სამხარაძემ წარმოადგინა. როგორც მანანა სამხარაძემ აღნიშნა, ზურაბთან ერთად აფხაზეთში მისი ძმა ბესო და მამაც იბრძოდნენ. ზურაბ ძამუნაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში ტამიშთან, ლაბრასთან, ასევე კინდღთან. 1993 წელს სოხუმის დაცემის დროს მოწინააღმდეგემ მისი ტანკი ააფეთქა, რის შემდეგაც ის 1996 წლამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ზურაბ ძამუნაშვილის ცხედარი თბილისში 25 წლის შემდეგ, 2018 წელს გადმოასვენეს და ოჯახის თხოვნით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

წარმოდგენილი საკითხის თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განიხილავს. დღესვე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს. ირაკლი გვილავამ სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური ანგარიში წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები