ვახტანგ ძაბირაძე: საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის
მე თუ მკითხავთ, ასეთი მოწოდებები, რომელთა რეალიზება შემდეგ ვერ ხდება, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას – „რა შანსი აქვს ოპოზიციას და რა შეცდომებს უშვებს, როდესაც ისევ მასობრივ საპროტესტო აქციებსა თუ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს?“.
მისი თქმით, საქმე ისაა, რომ როგორც „ნაცმოძრაობაში“, ისე, საზოგადოდ, ოპოზიციაში ვერ ჩამოყალიბებულან მთავარზე – სტრატეგიულ გეგმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.
„არის მეორე მომენტიც როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ორი დაჯგუფებაა, რომელიც ცდილობს ამომრჩეველთა ხმები დაისაკუთროს. ერთი რადიკალური ნაწილია, რომელიც გაიძახის, აუცილებელია ქუჩაში გასვლაო, მეორე კი შედარებით ზომიერი იყო, კერძოდ, მელიას ფრთა, მაგრამ, როგორც ჩანს, პოზიციები გადაიხედა და ამჯერად მელია დაგვპირდა ცხელ შემოდგომას. მთავარი კი ის არის, რომ ოპოზიციის განცხადებები უფრო სურვილებს ჰგავს, ვიდრე რეალობიდან გამომდინარეს, რადგან საზოგადოებაში არანაირი მზაობა იმისა, რომ ცხელი შემოდგომა იქნება, არ არის. მოსახლეობა დღეს გაცილებით ინერტულია, ვიდრე იყო, ვთქვათ, გაზაფხულზე. ოპოზიცია მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, რომ ორი წელია, რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკობს. ჩვენი ოპოზიციის გეგმები და მოთხოვნები არ არის თანხვედრაში არც ჩვენი პარტნიორების მოწოდებებთან. ერთი მხრივ, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომ არ ითვალისწინებს ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს, მეორე მხრივ კი თავად იმავეს აკეთებენ. კიდევ ერთი რამ ძალიან მაოცებს. დღეს ოპოზიციაშია იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო. მათ ხომ უნდა ახსოვდეთ, 2009 წელს რა ხდებოდა თბილისში, როცა რუსთაველი კარვებით იყო გადაკეტილი. პროტესტმა სამ თვეს გასტანა და მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები იყო. მაშინ ხომ თავად გაუკეთეს ამ მოთხოვნას იგნორირება და დღევანდელი ხელისუფლება რატომ წავა ამაზე? მით უმეტეს, მაშინ ოპოზიციური ელიტა და ელექტორატი ერთიანი იყო, ამჟამად კი ერთიანი არ არის. ოპოზიციაში დღეს რამდენიმე ჯგუფია და ყველაზე დიდი „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ დაახლოებით იგივე ფარდობაა იმ ჯგუფთან, რომელსაც არც ხელისუფლება უნდა და არც „ნაცმოძრაობა“. ეს ჯგუფები არ და ვერ გაერთიანდებიან. ახლა სიახლე რაშია? როდესაც ხალხს მოუწოდებენ, ქუჩაში გამოდითო, რას სთავაზობენ ახალს ან პოლიტიკურ გარემოში ისეთი რა შეიცვალა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის ქუჩაში გამოვიდეს? მე თუ მკითხავთ, ასეთი მოწოდებები, რომელთა რეალიზებაც ვერ ხდება, პირიქით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა მის სასარგებლოდ“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: „რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, როდესაც ასეთ გეგმებს ადგენს?“ – ძაბირაძე პასუხობს:
„ერთადერთი მიზანი ისაა, რომ პარტიული ელექტორატის რადიკალურ ნაწილში მოიპოვონ მხარდაჭერა. „ნაცმოძრაობაში“. ბრძოლაა პირველი ლაზიერობისთვის. სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკურად იმდენად გაფერმკრთალდა, რომ მისი მომავალი გაურკვეველია. ის პოლიტიკურად საფრთხეს აღარ წარმოადგენს, ამიტომ დარჩა ელექტორატი და „ნაცმოძრაობაში“ მიდის ბრძოლა, ვინ იქნება სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრე. ამიტომაც კეთდება არარეალისტური განცხადებები, რომ ამომრჩევლის ეს რადიკალური ნაწილი რომელიმე ფრთამ დაისაკუთროს. როგორც ჩანს, მელიამ გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს რადიკალური. ნუთუ იმდენად ვერ გრძნობენ პოლიტიკურ სიტუაციას, რომ მართლა შეუძლიათ ახლა ცხელი შემოდგომის მოწყობა?“.
ამასთან, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არჩევნები ახლა ჩატარდება, დიდი ალბათობით, ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ეს პარლამენტი იქნა არჩეული და შესაბამისად, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ძალიან განსხვავებულ შედეგებს არ ელოდება.
„ის, რომ ხელისუფლებას არა აქვს რეიტინგი, გასაგებია, მაგრამ რეიტინგი და მხარდაჭერა მეორე მხარესაც არა აქვს. ოპოზიცია, ალბათ, ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნების თემას ახალი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად გამოიყენებს, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, მეეჭვება, საპროტესტო და არასტაბილური გარემო საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, შესაძლებელია რაღაც გადაჯგუფება მოხდეს, მაგრამ თუ ვინმეს სჭირდება აქ სტაბილურობა, სწორედ დასავლეთია, მიუხედავად ხელისუფლების მკვეთრი განცხადებებისა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.