ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“, დღეს, 16 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მერიის ცნობით, დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების თანამშრომლები და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრები.

“აქციის მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს რეკრეაციული ზონები, ცენტრალური საავტომობილო გზისპირები, ქალაქის ქუჩები და მისი შემოგარენი.
აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა, რომელიც ყოველი წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში იმართება. იგი 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და 130-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე, ხელისუფლებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ერთვებიან. საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა.
აღნიშნული აქცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” ინიციატივით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ („Keep Georgia Tidy”) ფარგლებში ეწყობა.
2022 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია – „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“, – აღნიშნულია ახალციხის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები