“მომავალი თქვენია, თქვენშია თავისუფლება და იმედი” – საგარეჯოს მერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ გულიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, თავმდომარის მოადგილე ლელა მარიდაშვილსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ალექსი შათირიშვილთან ერთად, საგარეჯოს #1 , სოფელ პატარძეულისა და დუზაგრამის საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„მინდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს და სრულიად საქართველოს მომავალ თაობას!
მე ვისურვებდი, რომ ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი – წარმატებით გაგევლოთ, ყველა სიძნელე გადაგელახოთ და საამაყო და ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდილიყავით!
მომავალი თქვენია, თქვენშია თავისუფლება და იმედი!
მე მჯერა და მწამს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დღეს 15 სექტემბერს- წარმატების და სიკეთის ზარი გაიჟღერებს! ზარი, რომელიც იქნება დასაწყისი კიდევ ერთი ლამაზი და ბედნიერი სასწავლო წლის!
წელს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, მოხარული ვარ და ბედნიერი, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. მე და ჩემი გუნდი კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას, შესაბამისი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოსწავლეებს!
გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებას!
განათლებული მომავალი ჩვენი სიამაყეა”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა