ანრი ოხანაშვილი: რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი
“რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შემდეგ გამართული პრესკონფერენციის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეფასებები იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, ოპოზიციასაც ეკისრება.
„ასევე, ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, და რომ ისინი არ არიან მოწადინებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და საბოლოოდ, ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის“, – აცხადებს ოხანაშვილი.