არჩილ თალაკვაძე: ვინც რეკომენდაციებზე ხელისუფლების გარეშე მუშაობს, ჯერ თავის თავს ატყუებს და შემდეგ – საზოგადოებას
„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციის ნაწილი პარალელურ პროცესში არიან, ისევე, როგორც ისინი იყვნენ პარალელურ დემოკრატიაში, პარალელურ პოლიტიკაში, პარალელურ არჩევნებში. სამწუხაროდ, დღემდე პარალელურ პოლიტიკაში რჩებიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც რეკომენდაციებზე ხელისუფლების გარეშე მუშაობს, ჯერ თავის თავს ატყუებს და შემდეგ – საზოგადოებას.
“საქართველოში არანაირი პარალელური პოლიტიკა არ არსებობს, პოლიტიკაა პარლამენტში, რაზეც მიუთითეს ევროპარლამენტარებმა და ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, რომ უნდა ჩაერთონ სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან. ვინც რეკომენდაციებზე ხელისუფლების გარეშე მუშაობს, ჯერ თავის თავს ატყუებს და შემდეგ – საზოგადოებას. რა აზრი აქვს მარტო მუშაობას, თუ, საბოლოოდ, ეს ცვლილებები ხელისუფლებასთან ერთად უნდა განხორციელდეს, რადგან პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღება უმრავლესობის აუცილებელი მხარდაჭერით ხდება. მათი პროცესი არის სიყალბე და გამოგონილი პარალელური რეალობა. ამით შეიძლება, ოპოზიციური ამომრჩეველი ორი თვე მოატყუონ, მაგრამ მრავალი თვის განმავლობაში ასეთი ტყუილების შენარჩუნება შეუძლებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.