კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

კრწანისის რაიონში კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოებს დედაქალაქის მერი – კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება. სამწუხაროდ, წყალი ხშირად ითიშებოდა, სანიაღვრე სისტემა საერთოდ მოშლილი, უფუნქციო იყო. სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით, ქუჩა შშმ პირთათვის მთლიანად ადაპტირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კრწანისის ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების განახლებას კომპანია GWP განახორციელებს, ხოლო გაზმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას -„თბილისი ენერჯი“.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი, ხოლო 2 500 გრძივ მეტრზე, სულ 22 700 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები განხორციელდება. ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 4 000 000 ლარამდე შეადგენს.

დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან კრწანისისა და გორგასლის ქუჩების კვეთიდან საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – ლევან ნაროუშვილი, კრწანისის რაიონის გამგებელი – ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ლევან ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი – ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები