ირაკლი ალასანია ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა
ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ISAF-ის შტაბ-ბინაში გაიმართა. შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა დანფორდმა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთოების დეტალებზე და ამ პროცესში ქართველი სამხედროების როლზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების როლს.
“გენერალ დანფორდთან განვიხილეთ ავღანეთში როგორც პოლიტიკური, ასევე ოპერატიული ვითარება. დანფორდმა წარმოგვიდგინა ინფორმაცია, თუ როგორ მიდის პოსტ-საარჩევნო პერიოდი და როგორ პოლიტიკურ შეთანხმებაზე მიდიან მხარეები. მიმდინარეობს ჩატარებული არჩევნების აუდიტი და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, თუ ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. ეს საშუალებას მოგვცემს უკვე გავაფორმოთ, როგორც ნატომ, ასევე ორმხრივად ამერიკა გააფორმებს ავღანეთთან შეთანხმებას ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით და დაიწყება სამზადისი პოსტ-ISAF ოპერაციის. ვისაუბრეთ ჩვენ მებროძოლებზე, ქართველ ჯარისკაცებსა და სამხედროებზე, რომლებიც უმაღლესი პროფესიონალიზმით ასრულებენ თავის სამსახურს. დანფორდმა დიდი მადლობა გადაუხადა მთელ საქართველოს და ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ასეთი დიდი წვლილისთვის, რაც მათ შეაქვთ ავღანეთის უსაფრთხოებაში. ასევე, ვისაუბრეთ როგორ განვითარდება მოვლენები 2015 წელს და შევთანხმდით, თუ ვისი სარდლობის ქვეშ გააგრძელებენ 2015 წელს ქართველი სამხედროები ავღანეთის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვას.” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ასევე მოინახულებს ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებულ სამთო სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და შეხვდება ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს.