კახა კალაძე – შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე: ეს რეკეტია, შეიძლება – უფრო მეტიც
„რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება, უფრო მეტიც“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებაზე მერის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
„რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.