თამარ მეფის გამზირზე გზის საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. ასევე, სრულად განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით რეგულირებადი „ზებრა“ გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები.

დედაქალაქის მერის განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დღის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 500-მდე შეუსრულებელი მარშრუტიდან 250 თამარ მეფის გამზირზე მოდიოდა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტობუსე ზოლების მოწყობას გულისხმობს, რაც იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც დედაქალაქის მერიამ დააანონსა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და მოქალაქეებს გადაადგილება თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეეძლოთ. ყველა იმ ქუჩაზე, სადაც კვლევების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საავტობუსე ზოლების მოწყობა, ყველგან გაკეთდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. თამარ მეფის გამზირი იყო ერთ-ერთი ურთულესი კვანძი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ასევე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოეწყო გადასასვლელები. დაემატა შუქნიშნები, რამაც მოაწესრიგა გადაადგილება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძე. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის. თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაყოვნება უწევდა, რაც მოცდის დროის გაზრდას განაპირობებდა.

აღნიშნული პროექტის განხორციელება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორიაზე, 50 მარშრუტზე, 386 სატრანსპორტო ერთეულით დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3 051 დაგეგმილი მგზავრობაა. სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ. თამარ მეფის გამზირზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა მუმლაძე, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში – გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები