ვინ იყო ქართველი იურისტი, რომელსაც „მოსკოვის ორაკულს“ უწოდებდნენ

მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ სანდუნოვი რუსეთში მოღვაწე ცნობილი მსახიობის, სილა სანდუნოვის ძმა იყო. სანდუნოვები კეთილშობილი ქართული საგვარეულოს, ზანდუკელების წარმომადგენლები იყვნენ. ნიკოლოზისა და სილას მამა ნიკოლოზ ზანდუკელი რუსეთს შეხიზნული ვახტანგ VI-ს ამალის წევრი იყო.

ბავშვობაში ნიკოლოზს, უფროსი ძმის მსაგვსად, მსახიობობა უნდოდა. სამართლის შესწავლა კი მამის დაჟინებით დაიწყო. მამას სწამდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის იმპერიის კანონების ზედმიწევნით მცოდნე იურისტები.

ნიკოლოზ სანდუნოვმა მოსკოვის უნივერსიტეტი ოქროს მედალზე დაამთვარა და მოღვაწეობა გიმნაზიის მასწავლებლობით დაიწყო. ის მალე შეამჩნიეს და სენატის სამართლის დეპარტამენტში მიიწვიეს ობერ–მდივნად. მის მიერ შედგენილი დოკუმენტები გამოირჩეოდა საქმის ცოდნით, ლაკონურობითა და სიზუსტით. 1811 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის სამოქალაქო და სისხლის სამართლის კათედრის ხელმძღვანელია. მისი ლექციები თეატრალურ სანახაობას მოგაგონებდათ, აუდიტორიას სასამართლო დარბაზად აქცევდა ხოლმე, სადაც მსმენელებს განაწილებული ჰქონდათ “თანამდებობები” – უბრალო მოხელიდან დაწყებული  – გუბერნატორამდე, თვითონ კი, თავმჯდომარე იყო. ნიკოლოზ სანდუნოვი ვერ იტანდა “ბრტყლადმოლაპარაკეებსა” და “მეოცნებეებს”. ასეთი საუბრის სტილს უმეცრების ნაყოფად მიიჩნევდა. თავის სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნით აიარაღებდა. ლექციები შედგებოდა მსმენელი–კანცელარისტების მიერ მომზადებული საქმეების გარჩევებისა და გადაწყვეტილებებისაგან. პროფესორი სტუდენტებს მხოლოდ საქმის წარმოებას კი არ ასწავლიდა, არამედ მართლმსაჯულების საფუძვლებს – სიმართლეს ჭეშმარიტებისას და არა ფორმალურს, იურიდიული სიმრუდეებითა და წიაღსვლებით.

“მოსამართლის ხმა არის ხმა ხელისუფლებისა” – მტკიცედ სწამდა მას. “კანონების სული არის ზამბარასავით, რომელიც ყველა წრის ადამიანებს მიმართავს ერთი მიზნისკენ, საზოგადოებრივი სიკეთისათვის”. ის არ კმაყოფილდებოდა სტუდენტური აუდიტორიით. მისი სახლის კარი ღია იყო ყველასთვის, ვინც ეძიებდა სამართალს. მას “მოსკოვის ორაკულს” უწოდებდნენ. იურიდიული რჩევებისათვის მისულ ადამიანებს რჩეული სტუდენტების მეშვეობით განუმარტავდა მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ყველას მოუწოდებდა ნებისმიერი დავის მშვიდობიანი დასრულებისაკენ. 1817 წელს არჩეული იყო ნამდვილ სამოქალაქო მრჩევლად.

ნიკოლოზ სანდუნოვმა ნაშრომები დატოვა როგორც სამართალმცოდნეობასა და იურისპუდენციაში, ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. იყო ლიტერატორი და თეატრალი – წერდა ლექსებს, დრამატულ ნაწარმოებებს, თარგმნიდა და აცნობდა მკითხველს შექსპირსა და შილერს, რომელსაც მაშინდელი რუსული საზოგადოება ჯერ არ იცნობდა. მისი ნათარგმნია შილერის “ყაჩაღები” (1814 წ.), რომელიც დაიდგა მოსკოვისა და პეტერბურგის სცენებზე. დიდროს მიბაძვით დაწერა დრამა “ოჯახის მამა”, რომელიც ასევე ორივე დედაქალაქის სცენებზე დაიდგა. როგორც მსახიობი და რეჟისორი ნიკოლოზ სანდუნოვი მონაწილეობდა მოყვარულთა სპექტაკლებში. თანამედროვენი ახასიათებდნენ როგორც “ჭკვიანს, გონებამახვილს, ურთიერთობაში სასიამოვნოსა და მხიარულს”. მისი მეტყველება იყო ლაკონური, ცოცხალი, შემკული ანდაზებით, რომლებიც მრავლად იცოდა და დროულად მოიხმარდა ხოლმე.

ნიკოლოზ სანდუნოვი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის აღმდგენი დროებითი კომისიის წევრი 1812 წლის ხანძრის შემდეგ. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირისა და წმ. ანას ორდენებით. გარდაიცვალა მოულოდნელად 1832 წლის 19 ივნისს. საყვარელი დეკანის დაკრძალვაში მთელი უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები