თბილისში პირველი ავარიული კორპუსი ვარკეთილში ჩანაცვლდება

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ვარკეთილიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2 აგვისტოს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩასანაცვლებელი ხუთსართულიანი კორპუსი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს. კალაძის თქმით, პროექტი საპილოტეა. კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა უკვე დაწყებულია. მათ ქირით მერია უზრუნველყოს.

თბილისის მერის განცხადებით, ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„აქამდე, მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის – სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საჭიროება თუ არსებობს, ირაკლი ხმალაძე ისევ მზადაა, სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრები აწარმოოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნული კორპუსის გარდა, მერია დამატებით 12 კორპუსის ჩანაცვლების გეგმას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები