„მახსოვს, თუ როგორ მოვიდა ჩვენთან მილიციელი იმის გასაგებად, რას ვმღეროდით და ისიც გუნდს შემოუერთდა“ – როგორ იგონებდა ჯონ სტეინბეკი თბილისს
„ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ სუფთა ქალაქია თბილისი. ეს გახლავთ პირველი სუფთა ქალაქი იმ აღმოსავლურ ქალაქთაგან, რომლებიც კი მინახავს. ქალაქმა ფრიად მოგვხიბლა და ძალზე ადრე ვიღვიძებდით, რაც შეიძლება მეტის ნახვა რომ მოგვესწრო… თბილისის ქუჩები განიერი და ჩრდილიანია. მრავალი შენობა გამოირჩევა ძალზე თანამედროვე იერით… თბილისის მკვიდრნი უკეთესად არიან ჩაცმულნი, უკეთესად გამოიყურებიან და უფრო გალაღებულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც რუსეთში შეგვხვედრია“ – ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ მწერალს და ნობელის პრემიის ლაურეატს, ჯონ სტეინბეკს ეკუთვნის. ის ორჯერ იყო საქართველოში – 1948 და 1963 წლებში.
1948 წელს სტეინბეკმა გამოასცა წიგნი ” რუსული დღიურები”, სადაც ორი თავი საქართველოს მიუძღვნა. როგორც ამბობენ, სტეინბეკმა აქ, საქართველოში აღმოაჩინა ედემი და მერე, მშობლიურ კალიფორნიაში რომ ჩავიდა, თავისი ცნობილი რომანი “ედემიდან აღმოსავლეთით” დაწერა. შთაგონების წყარო სიძველეებით სავსე თბილისი ყოფილა.
„ქართველები პოეტური, მუსიკალური და მოცეკვავე ხალხია, ისინი ცხოვრობენ მიწაზე კურთხეული ბუნებით, რომლისთვისაც სრულიად აშკარაა, იძულებულნი იყვნენ, ორი ათასი წლის განმავლობაში ებრძოლათ. ეს საოცარი ქართველები ჩვენი მსგავსნი არ არიან. მათში ჩქეფდა იტალიელთა თავაშვებული მხიარულება, ბურგუნდიელთა ფიზიკური ენერგია. რისთვისაც არ უნდა მოეკიდათ ხელი, ისინი ამას მკვირცხლად აკეთებდნენ. ტროპიკული კლიმატი მათ სიცოცხლისუნარიანობას არ ამცირებს, პირიქით, აძლიერებს კიდეც და არ არსებობს ძალა, რომელიც მათ ინდივიდუალობას ან ნებას მოთოკავს. ამას მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდნენ დამპყრობლები, ხელმწიფეთა არმიები, დესპოტები ან ადგილობრივი ხელისუფალნი, მაგრამ მათი ნებისყოფა ყველაფერს სძალავდა და ის მცირედითაც კი ვერაფერმა შეარყია“ – დაწერა სტეინბეკმა.ვიზიტის ბოლო დღეს სტეინბეკის პატივსაცემად ფუნიკულიორზე დიდი მიღება გაიმართა, რომელსაც ამერიკელი მწერალი ასე იგონებს:
“ჩვენ ფუნიკულიორზე დიდ რესტორანში აგვიყვანეს, რომელიც მთის წვერზეა. აქედან მთელი დაბლობი მოჩანს. როდესაც ავედით, უკვე ბინდდებოდა და ჩვენ ქვემოთ ქალაქი ციმციმებდა. ეს დიდი მიღება იყო. გეგონებოდა, მაგიდა მთელი მილის სიგრძეზე იყო გაშლილი… აქ იყვნენ ქართველი მოცეკვავეებიც, მომღერლებიც, კომპოზიტორებიც, კინორეჟისორებიც, პოეტებიც, მწერლებიც. ვახშამი, როგორც ყველა მსგავსი მიღება, ოფიციალური გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ ქართულ ნატურას, ქართულ სულს ამის მოთმენა არ შეუძლია და ეს ყველაფერი უცებ დაიშალა… მახსოვს, როგორ წამოდგა ქართველი კომპოზიტორი, ხელში ჭიქა აიღო, გაიცინა და თქვა “ჯანდაბას პოლიტიკა!”
მახსოვს, როგორ ვცდილობდი, ქართული ცეკვა მეცეკვა ლამაზ ქალთან, რომელიც უდიდესი ქართველი მოცეკვავე აღმოჩნდა. და ბოლოს, მახსოვს სიმღერა ქუჩაში და ისიც, თუ როგორ მოვიდა ჩვენთან მილიციელი იმის გასაგებად, რას ვმღეროდით და ისიც გუნდს შემოუერთდა. დაემხო ენობრივი ბარიერი, დაირღვა ეროვნული საზღვრები და თარჯიმნების ყოველგვარი საჭიროებაც მოიხსნა”, – წერს სტეინბეკი.