სამტრედიაში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
“საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები განახორციელოს.
ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80 სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები უკვე მიმდინარეობს”, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მერიის ცნობით, სამტრედიაში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, მე-12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სკოლას ისტორიული ნაწილი სრულად შეუნარჩუნდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,სამშენებლო ჯგუფი” ასრულებს.
მე-12 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელსაც 2022 წლის 2 ოქტომბერს 128 წელი უსრულდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყო მე-10 საკარო სკოლაში.
დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ თვითმმართველობის და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო-სკოლების რეაბილიტაცია. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით. სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, სადაც სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, შემოდგომისთვის სამტრედიას ამ სკოლის სახით სრულიად განახლებული სასკოლო დაწესებულება შეემატება, სადაც შენარჩუნებული იქნება ძველი იერსახე. ახლო მომავალში დაიწყება მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და ახლო მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში”, – განაცხადა სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ.