ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა
ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა.
ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დალაგება-დასუფთავების წამახალისებელი შოუს ფარგლებში, 40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ინდივიდუალურად მოახდინა საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე.
“კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულიც. პირველი ადგილი სასტუმრო „იბისი სთაილის“ დიასახლისმა ირმა რომანაძემ, მეორე ადგილი აპარტ ოტელ „ალიანს პალასის“ დასუფთავების სამსახურის მენეჯერმა თამილა ხაბაზმა, ხოლო მესამე ადგილი სასტუმრო „ქინგ სოლომონის“ დიასახლისმა ნესტან კვიჟინაძემ დაიკავეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დალაგება-დასუფთავების მასტერკლასები და კონკურსი პირველად გასულ წელს ჩაატარა. ღონისძიება წინა წლის მსგავსად წელსაც ორ დღეს გაგრძელდა. ღონისძიების პირველ დღე დაეთმო დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექსპერტების პრაქტიკულ ტრენინგებსა და დისკუსიებს თემებზე: „სხვადასხვა ზედაპირი და მათი მოვლა“, „სასტუმრო ნომრის სწრაფად დალაგების თანამედროვე მეთოდები“ და „ქიმიური ხსნარები და მათთან მუშაობა“. მეორე დღე საწოლის გასწორების სატრენინგო შოუ-შეჯიბრებასა და მასტერკლასს დაეთმო. ორდღიან ღონისძიებას რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაესწრო. ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს წლებია აქტიურად ახორციელებს”,- წერია ინფორმაციაში.