მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება.
მეტროსადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი აღადგენს და თანამედროვე სტანდარტებით განაახლებს მეტროსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. მწვანე კედელს. რეაბილიტაციის საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის რეაბილიტაცია დავიწყეთ. შენობა-ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია და გამაგრების სამუშაოები ტარდება. გარდა ამისა, შიდა ინტერიერი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, სრულად განახლდება მეტროსადგურის ფასადი. „მწვანე კედელი“, რომელიც ტერიტორიაზე არსებობდა, შენარჩუნდება და პროექტი ახალი ტექნოლოგიებით განხორციელდება, რომლის შემდეგაც, ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ლამაზი იქნება. სამუშაოების ჩატარებას, დაახლოებით, რვა თვე დასჭირდება. დაწყებული გვაქვს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული განახლებაც, რომლის ფარგლებში, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაც მთლიანად მოწესრიგდება. პარალელურად, დავიწყეთ ავლაბრისა და ერევნის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, განათებები და სარწყავი სისტემები. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ წინა ტერიტორია მთლიანად განახლდება. მგონია, რომ ეს მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდება: კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე, სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები. გარდა ამისა, საზაფხულო არდადეგების პერიოდის გათვალისწინებით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიწყო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ასრულებს წყალმომარაგების ქსელის შეცვლის სამუშაოებს, ხოლო „თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების ქსელს განაახლებს.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4.2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი“ შეასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების უფროსები – გიგა გიგაშვილი და ლევან ნაროუშვილი, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ.