განდეგილმა, რომელმაც 32 წელი კუნძულზე იცხოვრა, სხვაგან წასვლა გადაწყვიტა
ცნობილი განდეგილი, მაურო მორანდი ბუდელის კუნძულს ტოვებს, სადაც მან 32 წელი იცხოვრა. ამ დროის განმავლობაში, ბუდელის თვითგამოცხადებული მცველის კუნძულიდან გამოგდება რამდენჯერმე სცადეს. მაგალითად, 2020 წელს არქიპელაგ ლა-მადალენას პარკის პრეზიდენტმა, ფაბრიციო ფანეზემ CNN-ს გამოუცხადა, რომ მორანდიმ არაკანონიერად გადააკეთა იქ მდებარე ქოხი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რადიოსადგურს წარმოადგენდა. იმავე 2020 წელს პარკის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ქოხის დანგრევას და მის ადგილზე ეკოლოგიური ლაბორატორიის აშენებას გეგმავს.
სოციალურ ქსელში მორანდის მხარდამჭერი 81 პეტიცია გამოჩნდა, რომელმაც 70 ათასი ხელმოწერა შეაგროვა, მაგრამ განდეგილმა გამოაცხადა, რომ მაინც დატოვებს კუნძულს. მან თქვა, რომ გვერდით კუნძულზე, პატარა ბინაში გადადის საცხოვრებლად.
„მე მივდივარ და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ბუდელის ისევ კარგად მოუვლიან, ისევ ისე როგორც მე ვუვლიდი უკანასკნელი 32 წელი“ ,- წერს მორანდი თავის Facebook გვერდზე.
იტალიელმა, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 1980-იანი წლების ბოლოს სამშობლო მიატოვა და მიტოვებულ კუნძულზე დასახლდა.
„მე ყველაფერმა თავი მომაბეზრა ჩვენს საზოგადოებაში. მაშინ გადავწყვიტე, მიტოვებულ კუნძულზე წავსულიყავი პოლინეზიაში, რათა ახალი ცხოვრება დამეწყო ბუნებაში“, -ჰყვება მორანდი.
მან ვერ მიაღწია პოლინეზიამდე და ბუდელიზე აღმოჩნდა. მორანდიმ იქ დარჩენა გადაწყვიტა – კუნძულის წინა მცველი ზუსტად მაშინ ტოვებდა მას. 32 წლის განმავლობაში, ის კუნძულს უვლიდა, ალაგებდა ნაგავს და ზოგიერთ ტურისტს შენიშნვასაც აძლევდა.