,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2022’’ -ის ფინალური მატჩი გაიმართა
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2022’’-ის ფინალი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინალში ერთმანეთს თბილისის 59-ე საჯარო სკოლის და პირველი ექსპერიმენტული სკოლის გუნდები შეხვდნენ. სასკოლო ლიგაში 59-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. სასკოლო ლიგის ფინალს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საკრებულოს წევრ ანა კაკაბაძესთან ერთად დაესწრო. გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, სასიხარულოა, რომ პროექტში ყოველწლიურად უფრო მეტი სკოლა მონაწილეობს.
„თბილისის სასკოლო ლიგა 2022 წარმატებით დასრულდა. მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, რომელმაც მართლაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ეს პროექტი უკვე ყოველწლიურად ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა გაგრძელდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან და რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთოს სასკოლო ლიგაში,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სასკოლო ლიგაში წელს თბილისის და რუსთავის 100-მდე სკოლის 1300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ტურნირი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩატარებულია 500-მდე მატჩი. თბილისში მინი ფეხბურთის ლიგასთან ერთად წელს პირველად ჩატარდა სატესტო ტურნირები ხელბურთში და პნევმატური იარაღით სროლაში, ასევე მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგას დაემატა აჭარის რეგიონი. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. სასკოლო ლიგის ბაზაზე შექმნილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობს.
სასკოლო ლიგა თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემითა და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება.