გიორგი ტყემალაძე – „დღეს შეგვეძლო, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიგვეღო, მაგრამ ოპოზიციამ მისთვის ჩვეული დესტრუქციული გზა აირჩია“
თბილისის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. ამის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განმარტება გააკეთა და ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
„ოპოზიციამ ძალიან გასაკვირი და სამწუხარო ნაბიჯი გადადგა და სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო, როგორებიცაა რამდენიმე ათეული ოჯახისთვის ფართების დაკანონება, ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, ის ეკონომიკური აქტივობები, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს რამდენიმე დღეში მაინც მივიღებთ, უბრალოდ, სამწუხაროა მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება არა ჩვენი, არამედ – ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, თითქოს, მათ საკითხების გაცნობისთვის დრო არ ეყოთ. გიორგი ტყემალაძის თქმით, საკითხები ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კომისიებში განიხილებოდა, რომლებშიც ოპოზიციაც მონაწილეობდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, კომისიურ ფორმატში, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, პრობლემა შეიქმნა მაშინ, როდესაც მათ გაიგეს, რომ საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე წევრს კოვიდი დაუდასტურდა და შესაძლოა კვორუმის საკითხი დამდგარიყო.
„შესაბამისად, ის, რომ თითქოს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს არ ყოფნით დრო საკითხების განსახილველად არის ტყუილი. უმცირესობა აშავებს, როცა სხდომას არ ესწრება და კიდევ უფრო აშავებს, როცა ტყუის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ცვლილებებს მაღალი კვორუმი სჭირდება. სწორედ ამიტომ, გიორგი ტყემალაძის თქმით, კომისიების მსვლელობისას შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხი გადადებულიყო.
„დღეს შეგვეძლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიგვეღო და ბიუჯეტის ცვლილებები შემდეგისთვის გადაგვედო, მაგრამ ოპოზიციამ მისთვის ჩვეული დესტრუქციული გზა არჩია. შესაბამისად, ის რომ თითქოს საკითხის განხილვა ვერ მოასწრეს და ეს იყო პრობლემა, კიდევ ერთი ტყუილია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.