ვახტანგ ძაბირაძე: ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის აწმყოც და მომავალიც
“ქვეყანაში ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის და არა – ღირებულებითი ბრძოლა. ცუდი კი ის არის, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის აწმყოც და მომავალიც”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირში გაწევრება, პოლიტიკური პარტიები კი ერთად მუშაობას ამ საკითხზეც ვერ ახერხებენ.
“ცოტა გამაკვირვა ოპოზიციის ასეთმა შეფასებამ, ეს ულტიმატუმია ევროკავშირისთვისო, რადგან კავშირს ვერ ვხედავ. კობახიძემ მოუწოდა ყველას, ვითანამშრომლოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლადო. ისიც აღნიშნა, რომ ამ 12 პუნქტში საარჩევნო ბარიერზე არაფერია ნათქვამი და ეს ნამდვილად ასეა. ბოლოს კი თქვა, თუ შევასრულებთ ამ პუნქტებს, ერთი თვის ვადაში დავწევთ საარჩევნო ბარიერსო. ამიტომ, არ მესმის, სად დაინახეს ამაში ულტიმატუმი. მისაღებია თუ არა ასეთი შეთავაზება ქართული ოპოზიციისთვის, სხვა საკითხია. ეს თუ არ შესრულდება, არ მოგვცემენ სტატუსს და ეს ორივე მხარის ბრალი იქნება, მხოლოდ ერთის კი არა. ოპოზიციამ სად დაინახა ულტიმატუმი, ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე. პრობლემა ის არის, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის პარტიული და პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე – ქვეყნისა. ეს არის რეალობა და ვისაც როგორ უნდა, ისე იმართლოს თავი, თორემ იმ 12 პუნქტში არაფერია შეუსრულებელი. ამას მხოლოდ სურვილი უნდა და მეტი არაფერი… მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დეპოლარიზაციაში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე, და თუ არ ჩაერთვება, ალბათ, უნდობლობის გამო. მეც არა ვარ ხელისუფლებისადმი დიდი ნდობით განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. ეს არგუმენტი არ არის. უნდა ჩაერთო და თუ არ ენდობი, თქვა, რომ არ ენდობი. ქვეყნისთვის რომელი უფრო ჯობს, არ ვენდობი და ამიტომ არ ვმონაწილეობო, თუ ვმონაწილეობ, მაგრამ არ ვენდობიო? არა მარტო ქვეყნისთვის, ოპოზიციის პარტიული მიზნებისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არ უწევს ანგარიშს დასავლელ პარტნიორებს, თავად უწევს? როდესაც ერთი მხარე მეორეს რაღაცას აბრალებს, თვითონ ხომ მაინც არ უნდა აკეთებდეს იმავეს, რაშიც ადანაშაულებს? თუნდაც მიშელის დოკუმენტზე “ნაცმოძრაობას” რა აქვს სალაპარაკო – მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც “ოცნება” გავიდა. ეს ნიშნავდა, რომ არც ერთს არ აწყობდა და კარგად ააწყვეს გეგმები.
იგივე ხდება ახლაც, თორემ არ მესმის, რატომ არ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებელ მუშაობაში. დანარჩენი ოპოზიციის ნაწილიც რომ არ ერთვება ამ პროცესში ეს ნიშნავს, რომ შეგუებული არიან, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას ვერ შეძლებენ და ცდილობენ “ნაციონალების” გვერდით ადგილი დაიბევონ. თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა არ მიიღო და ამავე დროს პარტიის რამდენიმე წევრი დეპუტატი გახდეს, მაშინ ყველაზე გარანტირებული ვარიანტია “ნაცმოძრაობასთან” ერთად გასვლა. ეს იურიდიულად როგორ გაფორმდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არც “ლელოს” და არც ვაშაძის პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ და ამიტომ საკითხი დგება ასე, რისი ინტერესი აქვთ, პარლამენტში ერთი ან რამდენიმე მანდატის მოპოვების თუ პრინციპების დაცვის? ამით არის განპირობებული ეს გადაწყვეტილება და გამოდის, რომ არჩევანს პირველზე აკეთებენ. ჯერჯერობით ხელისუფლების ნაბიჯები, თუნდაც ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები, ცხადია, იმ სამეულს არ ვგულისხმობ – გაცილებით პროგრესულია, ვიდრე ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე. მერე რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ დღეს ასე ჩანს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, მერე რას იზამს “ქართული ოცნება”, სხვა საკითხია. მაშინ ძალიან გაუჭირდებათ, რომ 12 პუნქტის შეუსრულებლობა ოპოზიციას გადააბრალონ. ჯერჯერობით კი ყველაფერში უმართლებთ – ქვეყანაში დიდი პრობლემები არა აქვთ, ოპოზიცია ერთიანი არ არის და რომც გაერთიანდეს, ეს ელექტორატის გაერთიანებას არ გამოიწვევს. ამიტომ, რაც თქვა კობახიძემ, რომ ადგილობრივ არჩევნებში 48% აიღეს და “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებიანად 40%-ზე მეტს ვერ იღებს, მართალია. ცხადია, აიღებენ ისევ უმრავლესობას და ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.
ქვეყანაში ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის და არა ღირებულებითი ბრძოლა. ცუდი კი ის არის, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის აწმყოც და მომავალიც. ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირში გაწევრება, ესენი კი ამ საკითხზეც ვერ ახერხებენ ერთად მუშაობას და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, თუ არ მოგვცეს დეკემბერში სტატუსი, დავიქცევითო. არ დავიქცევით, ქვეყანას ბევრად უარესისთვისაც გაუძლია. პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარე საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და არ ფიქრობენ თავად ამ საკითხზე, მხოლოდ ერთმანეთს ადანაშაულებენ. პარტიული და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესზე წინ აქვთ დაყენებული… რაც შეეხება სანქციების თემას – დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს სანქციები, ოპოზიციას რა მოგება აქვს? მცდარი შეხედულება აქვთ პროცესებზე და რაც მთავარია, იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ. დავუშვათ, ივანიშვილმა მართლა დატოვა ქვეყანა, რატომ ჰგონიათ, რომ ამით ხელისუფლება ჩამოიშლება? ჯერ ერთი, უმრავლესობას ძალიან ცუდად იცნობენ, საერთოდ თუ იცნობენ, და ესეც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მოწინააღმდეგეს რომ არ იცნობენ და სათანადოდ ვერ აფასებენ. ცნობასა და მოწონებას შორის არსებითი სხვაობაა, მე კი ცნობასა და შეფასებაზე ვლაპარაკობ.
უმრავლესობაში საკმაოდ ძლიერი გუნდია და თეორიულადაც რომ დავუშვათ, ივანიშვილი განზე გადგა, უმრავლესობაში დღეს სამი ლიდერია – კალაძე, ღარიბაშვილი და კობახიძე და არც ერთ მათგანს უმრავლესობის დაშლა ხელს არ აძლევს. შესაძლოა ერთმანეთში პრობლემები ჰქონდეთ, მაგრამ მოილაპარაკებენ და ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. 2024 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა სხვა გარემოება იყოს, მაგრამ მაშინაც მოილაპარაკებენ. ძალაუფლება მათ შეაკავშირებს. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდებიან და რატომ აქვთ იმედი, თუ ივანიშვილი წავა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, რამე სარგებელს ნახავენ. არც 2020-ის და არც 2021 წლის არჩევნებში ისეთი გაყალბება არ ყოფილა, რომ დიდი გავლენა მოეხდინა შედეგებზე. ეს შეიძლება გარეთ ილაპარაკო, მაგრამ როდესაც შენთვის აკეთებ ანალიზს, ეს ხომ უნდა გაითვალისწინო? გამარჯვებისთვის სხვა გზებია მოსაძებნი. მეორე პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს. “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის პრობლემა დასავლეთში არ დგას. შესაძლოა მათ “ქართული ოცნება” ძალიანაც არ მოსწონთ, მაგრამ ლეგიტიმაციის საკითხს არ დასვამენ, რადგან არ არის ამის საფუძველი. დასავლეთს არა მარტო საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა და სწორია ამაზე აქცენტების გაკეთება, რადგან არ უნდა აჰყვეს მოსახლეობა მცდარ ნარატივს – არამედ არც არასტაბილურობა უნდა საქართველოში. ახლა ამისთვის არ სცხელათ. ოპოზიცია კი მუდმივად ამ არასტაბილურობის შექმნას ცდილობს. ამას რომ არ ითვალისწინებენ, ამიტომ არიან მუდმივად ამ მდგომარეობაში”, – განაცხადა ძაბირაძემ.