თორნიკე შარაშენიძე: ქვეყანაში პოლიტიკური ვაკუუმია – როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არც მე და, მგონია, არც არავინ იცის
“როგორც ვხედავთ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები აცხადებენ, რაც დიდი შეცდომა მგონია”, – ამის შესახებ ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ვაკუუმია.
“როგორც ვხედავთ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები აცხადებენ, რაც დიდი შეცდომა მგონია. ოპოზიცია თუ არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და არ შევა სამუშაო ჯგუფებში, მაშინ “ქართულ ოცნებას” ექნება საფუძველი, თქვას, დეპოლარიზაცია არ გამოვიდა და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციააო, ეს კი გაუგებარი იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. მოკლედ, ხელისუფლება ოპოზიციას დააბრალებს მუშაობის პროცესის ჩაშლას, ხოლო თუ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, რისი საფრთხეც არსებობს, ამასაც ოპოზიციას გადააბრალებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, პარლამენტს ოპოზიციის გარეშეც შეუძლიათ მიიღონ ის კანონები, რომელთაც ამ 12 პუნქტის მიხედვით ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ლანძღვა-გინება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა კვლავაც გაგრძელდება და ამგვარი პროცესებით საბოლოოდ ქვეყანა დარჩება წაგებული. “ქართულ ოცნება” ფიქრობს, რომ ამგვარად ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს და, ჩემი აზრით, არც ცდება, რადგან ვეჭვობ, სტატუსის ვერმიღების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება დაამხოს. ჩაიარა ამ პერიოდმა. დღეს 2003 წელი არ არის, არადა, ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობაში” სწორედ ამის იმედი აქვთ. ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს “ქართულ ოცნებას” შიგნიდან დაანგრევს, რაც არასწორი მოლოდინი მგონია. ეს ძალა, ყველაფრის პარალელურად, კარგად ახერხებს მოსახლეობას “მიჰყიდოს” მოსაზრება, რომ მათ ქვეყანას ომი ააცილეს თავიდან. ოპოზიციაში ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენში ომის ცოტას ეშინია. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მართლაც ეშინია ომის. ეს კი ”ქართულ ოცნებას” აძლევს საფუძველს, სახელისუფლებო სავარძელში თავი კვლავაც კომფორტულად იგრძნოს. ვფიქრობ, თუ ოპოზიცია ჭკუით მოიქცევა, შევა ყველა სამუშაო ჯგუფში, ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და ყველაფერს გააკეთებს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, ხელისუფლებას ოპოზიციისთვის რამის გადაბრალება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ოპოზიციამ სწორედ ასე უნდა იმოქმედოს, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისინი ისევ დაპირისპირებისა და ბოიკოტის გზას ირჩევენ და ამ ვითარებაში რისი იმედი აქვთ, არ ვიცი.
ხალხმრავალმა მიტინგებმა შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ “ოცნება” გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და “ოცნებამ” თავი უფრო ძლიერად იგრძნო, შანტაჟიც კი დაიწყო. მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია “ქართულ ოცნებას”, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს. ვფიქრობ, რომ როდესაც სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, “ოცნებაში” ძალიან ნერვიულობდნენ, აშინებდათ სწორედ სცენარი, რომელიც გათამაშდა კიდეც და ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. რით დასრულდა ეს გამოსვლები, სხვა საკითხია, მაგრამ ხომ აშკარად გამოჩნდა, რაოდენ დიდია ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა… ჩემი აზრით, რადგან სტატუსი არ მოგვანიჭეს, “ოცნებაში” განაწყენდნენ, თუმცა როცა ამ აქციებმა ვერაფერი დააკლო და უკვე მუქარის ტონით ალაპარაკდნენ. შეიძლება “ქართულ ოცნებაში” ვიღაცას მართლაც სჯერა, რომ დასავლეთს მათი დამხობა უნდა და ეს შანტაჟი და მუქარაც ამით არის განპირობებული… დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ერთი პარტია მესამე ვადით მართავს ქვეყანას, რაც აჩენს მისი ლეგიტიმაციის პრობლემებს, თანაც სხვა პარტიებთან შედარებით მაინც მაღალი რეიტინგი აქვს. ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს. ამ ვაკუუმში ისევ “ქართული ოცნება” ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უფრო – საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე. სწორედ მოთხოვნები იყო ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც აყენებ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოთხოვნებს, ცხადია, ამაზე უარს გეტყვიან, ამიტომ უნდა იცოდე, შემდეგ რას აპირებ. როცა ულტიმატუმს უყენებ და გადადგომას სთხოვ მთავრობას, ისიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი, თუ არ გადადგა, მერე რას იზამ? 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა.
მიტინგის ორგანიზატორებისაც მესმის – ისინი ორ ცეცხლს შუა იყვნენ. ერთი მხრივ, ცდილობდნენ, მიტინგზე არ ყოფილიყო “ნაცმოძრაობის” “სული”, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამის გამო იქაურობას ბევრი ხალხი დატოვებდა (გვახსოვს, ჩააგდეს კიდეც ტრიბუნიდან რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მიშას პორტრეტი ეჭირათ), მაგრამ მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ პროტესტანტებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია “მიშისტი” და რამდენ ხანს არ მისცემ მათ მიშაზე ლაპარაკის უფლებას? აი, ამ პრობლემამაც იჩინა თავი… სააკაშვილი არის თემა, რომლითაც “ქართული ოცნება” უკვე 10 წელია, სპეკულირებს და სარგებლობს. ოპოზიციის პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კარგად ხვდებიან: თუ “ქართული ოცნება” წავა, მას ისევ “ნაციონალური მოძრაობა” შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა. ეს არის ძალიან კარგი განლაგება “ქართული ოცნებისთვის”, რათა კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არც მე და, მგონია, არც არავინ იცის.
ხელისუფლებამ რომც მოინდომოს, 6 თვეში სასამართლოს სისტემის შეცვლას ვერ შეძლებს. 30 წელიწადია, ამ სისტემას საშველი ვერ დაადგა და 6 თვეში რა უნდა მოხდეს?! თუმცა მათ შეუძლიათ აჩვენონ პოლიტიკური ნება, რასაც ყველა დაინახავს და იფიქრებს, რომ სერიოზულ რეფორმებს იწყებენ, მაგრამ უნდა კი ეს “ქართულ ოცნებას”? მათ შეიძლება განახორციელონ კოსმეტიკური ცვლილებები, ფასადურად შეცვალონ რაღაც, რის მერეც თუ სტატუსი არ მოგვცეს, თქვან, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აგერ, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა დეპოლარიზაციის პროცესში და ეს გახდა უარის მიზეზიო… გარდა ამისა, შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” ეს კოსმეტიკური ცვლილებები შეადაროს მოლდოვისა და უკრაინის ვითარებას და კვლავაც ილაპარაკოს, რომ მათზე წინ არიან რეფორმებით. უკრაინა ომშია, თანაც საკითხავია, წლის ბოლოს რა ვითარება იქნება უკრაინაში. არავინ იცის, ომი როდის და როგორ დამთავრდება. ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინისთვის უარესად თუ შეიცვალა მდგომარეობა, ჩვენ რა დღეში აღმოვჩნდებით, ვინ იცის.
ვფიქრობ, სანქციების საკითხი არ არის მარტივი. ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის… თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს… კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს? თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან? ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს. მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია… შეიძლება ვცდები და ივანიშვილი იმაზე ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე მგონია.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს – მისი წასვლა უკრაინისადმი ბრიტანეთის დამოკიდებულებაში არაფერს შეცვლის და ეს მასშტაბური მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. ბორის ჯონსონი იმიტომ ატარებდა ამგვარ მკაცრ ანტირუსულ პოლიტიკას, რომ ის იყო ბრიტანეთის პრემიერი და არა იმიტომ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება იმას, რომ მასთან დაკავშირებული სკანდალების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს, ჩემი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ ადამიანს რაღაც-რაღაცები შეეშალა, მათ შორის ის, რომ ხვდებოდა რუს ოლიგარქს, რომელიც ოდესღაც იყო რუსული დაზვერვის ოფიცერი და თან ამას მალავდა. ასეთ რამეს რომ აკეთებ, უნდა იცოდე, რომ ეს შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ გამოიძიოს და “აგიფეთქოს”. ეს დასავლეთია, იქ არაფერი იმალება, ამასთანავე, დასავლური საზოგადოება ვერ იტანს ტყუილს და ამას მით უფრო არ ჰპატიობენ პოლიტიკოსებს. ასეთი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნის პრემიერი როცა ხარ, წლების წინაც კი თუ გაქვს მსგავსი რამ გაკეთებული, უნდა იცოდე, რომ მშვიდად ვერასდროს იქნები… ვიმეორებ, იდგა თუ არა ამ ყველაფრის უკან რუსეთი, მეორეხარისხოვანია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვინც უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე ჰქონდა ქვეყანას”, – განაცხადა შარაშენიძემ.