„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რამხელა ყურადღება ექცევა სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას და აქტივობებს. ბევრი საინტერესო პროგრამა დავაინიცირეთ, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ძალიან კარგია. თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, დასრულდა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები. ღონისძიების მასშტაბური დახურვა გაიმართება 6 ივლისს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები კულტურის მიმართულებით. ღონისძიებაზე იქნება ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა.
დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და დაესწროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ფესტივალში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. „ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება. მინდა, ვუთხრა სტუდენტებს, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ მათ. ასევე, მინდა, მივმართო სტუნდენტურ თვითმმართველობებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა, წარმოადგინონ საინტერესო პროექტები. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტებს ფინანსურად და შესაძლებელი გავხადოთ მათი განხორციელება“, – განაცხადა თბილისის მერმა.