სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „შამქორი 2022“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ტარდება. ერთკვირიანი სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს.
„შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“ ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის ნაწილია. სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.