მშობიარობა იძულებით, ანუ როგორ „აუმჯობესებდნენ“ დემოგრაფიას რუმინეთში

ქვეყანაში არსებული რთული დემოგრაფიული ვითარება შესაძლოა ხელისუფლებისგან გადამწყვეტ ქმედებებს მოითხოვდეს, მაგრამ ზოგჯერ მიღებული ზომები სულელური და არაადამიანურიც კია. ნაყოფიერების პრობლემის „არაპოპულარული გადაწყვეტის“ კარგი მაგალითია რუმინეთის ლიდერის, ნიკოლაე ჩაუშესკუს 770-ე ბრძანებულება. ის გახდა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არაკომპეტენტური ადამიანის გადაწყვეტილებამ უბედურება მოუტანოს მილიონობით ადამიანს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სოციალისტური რუმინეთი შობადობის მაჩვენებლის ვარდნის წინაშე იდგა. ქალებს არ სურდათ ერთზე მეტი შვილის გაჩენა და ბევრმა საერთოდ უარი თქვა ბავშვის გაჩენაზე. ამის მიზეზი მოქალაქეების ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა გახდა. მათ ელემენტარული ნივთების და პროდუქტების პრობლემა ჰქონდათ, ამიტომაც მომავალს თავდაჯერებულად ვეღარ უყურებდნენ.
1960-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში ვითარება, უბრალოდ, კატასტროფული გახდა. ცხადი იყო, რომ რუმინეთი საგანგაშო სისწრაფით დაბერდა და კვდებოდა. შემდეგ კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო ქვეყანაში, 1967 წელს შემოიღო ბრძანება N770. მისი ავტორი პირადად გახლდათ პარტიის გენერალურ მდივანი ნიკოლაე ჩაუშესკუს.
ჩაუშესკუ

საიდუმლო აგენტები გინეკოლოგიაში

უნდა ითქვას, რომ 1967 წლამდე რუმინეთში ოჯახის დაგეგმვა ყველას პირადი საქმე იყო. იმის გამო, რომ ღარიბ ქვეყანაში კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, აბორტები ძალიან პოპულარული გახდა. რუმინელი ქალები მამაკაცების მსგავსად იყვნენ ჩართულნი კომუნიზმის აშენების პროცესში – იდგნენ მანქანებთან, მუშაობდნენ მინდორში და სამშენებლო ობიექტებზე, გამოდიოდნენ ზღვაში თევზაობისთვის. ეს იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც რუმინელები ცდილობდნენ არასასურველი ორსულობის შეწყვეტას. ასეთ პირობებში ბავშვის დაბადება განიხილებოდა, როგორც დარტყმა ცხოვრების წესზე.

ბრძანებულება ნომერი 770 კრძალავს აბორტს და ნებისმიერ კონტრაცეპტივს. ინოვაცია არ ეხებოდა მხოლოდ 45 წელს მიღწეულ ქალბატონებს ჯანმრთელობის პრობლემებით, ასევე გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უშვილობაზე გადასახადი შემოიღო. იმისათვის, რომ ქალებს გამარტივებოდათ ბრძანების დაცვა, ბაზრიდან ამოიღეს რამდენიმე ხელმისაწვდომი კონტრაცეპტივი.

გარდა ამისა, ყველა ქალს მოეთხოვებოდა ყოველთვიური გამოკვლევა გინეკოლოგის მიერ. ამ ექიმებს კი საიდუმლო პოლიცია აკონტროლებდა. აგენტები არა მხოლოდ აკონტროლებდნენ პაციენტების დასწრებას, არამედ ამოწმებდნენ სამედიცინო ჩანაწერებს და თვასლ ადევნებდნენ სამედიცინო ბრძანებების შესრულებას. ორსულობის შეწყვეტა სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა და ისჯებოდა პატიმრობით. სკოლებში გოგოებს დედობის სარგებლის შესახებ უყვებოდნენ და ასწავლიდნენ, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, სამშობლოსთვის შვილები გაეჩინათ.

ასეთმა მკვეთრმა ზომებმა სწრაფად გამოიღო ნაყოფი და შობადობის მრუდი მკვეთრად გაიზარდა. ქვეყანამ მასიურად დაიწყო ბაგა-ბაღების მშენებლობა, რადგან ძველი აღარ იყო საკმარისი. სკოლებში კლასების რაოდენობამ მოიმატა, ბავშვების რაოდენობა კი, 40-მდე გაიზარდა. თუმცა, ადგილები მაინც არ იყო საკმარისი, ამიტომ 50-60 მოსწავლით დაკომპლექტებულ კლასებსაც ხშირად შეხვდებოდით.

მონეტის მეორე მხარე

ერთი შეხედვით, ბრძენი „დირიჟორის“, ჩაუშესკუს გეგმა წარმატებით დასრულდა და ახლა ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ თანდათან დაიწყო პრობლემები, რომლებსაც რუმინეთის მთავრობა მზად ვერ დახვდა. თავიდან ცხადი გახდა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. არ იყო საკმარისი პედაგოგები და ვითარება ვერც სამცვლიანმა რეჟიმმა გამოასწორა. შემცირდა სასწავლო საათების რაოდენობა, შემცირდა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის გაირკვა, რომ 770-ე დებულება აღარ მუშაობდა. რუმინეთში შობადობა კვლავ დაეცა. არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ მოსახლეობის აფეთქებისთვის ეკონომიკური წინაპირობებიც არის საჭირო. ქვეყანა, ისევე როგორც ადრე, ძალიან ღარიბი დარჩა. ქალებმა შეძლეს ბრძანებულების პუნქტების გადალახვის გზების პოვნა. სამედიცინო სფერო ყველაზე კორუმპირებული გახდა და უკანონო აბორტები აყვავდა. ნაყოფიერების გაზრდის ნაცვლად, ქალთა სიკვდილიანობამ დაიწყო მატება. კუსტარულად შეწყვეტილი ორსულობის და ფარული აბორტების  შედეგად ათასობით ქალი დაიღუპა. ქვეყანა სევდიანი სტატისტიკით ევროპის ჩემპიონი გახდა. მშობიარობის ასაკის ქალებს შორის სიკვდილიანობა რუმინეთში 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მეზობელ ბულგარეთში და უნგრეთში. ვითარება ძალიან რთული იყო ჩაუშესკუს მთელი ბრძანებლობის განმავლობაში, 1989 წელს მის დამხობამდე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. რუმინეთი ასევე გახდა ლიდერი მიტოვებული ბავშვების რაოდენობით. ბავშვებს აჩენდნენ, მაგრამ მათი გამოკვება და ჩაცმა არ შეეძლოთ. შედეგად,  პატარებს ბავშვთა სახლებში ტოვებდნენ. ათასობით დედას სძულდა ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი რეჟიმი, დანგრეული ცხოვრების გამო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 770-ე ბრძანებულება გახდა რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელმაც ქვეყანა გაათავისუფლა ავტორიტარული რეჟიმისგან. იგი გაუქმდა 1989 წლის 26 დეკემბერს, ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის სიკვდილით დასჯიდან მეორე დღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები