გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე – ნინო რუხაძე და საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარე – რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ სტუმარს საქართველოში საბერძნეთის ელჩის პოსტზე წარმატება უსურვა. მან იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთის ახალი ელჩის საქმიანობა საქართველოში ნაყოფიერი იქნება.

„ჩვენს ქვეყნებს ისტორიულად სამაგალითო ურთიერთობა აქვთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საბერძნეთის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ ახორციელებს”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საბერძნეთის ელჩმა, მარია თეოდორუმ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოში ბერძნული თემის და საბერძნეთში ქართული დიასპორის არსებობა ორ ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას კიდევ უფრო ამყარებს. თბილისის საკრებულოს და საბერძნეთის საელჩო მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ და შემდგომი შეხვედრები დაგეგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები